“ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში ყოველწლიურად 3-დან 5%-მდე იზრდება” – მაია მელიქიძე
“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA-ს) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში ყოველწლიურად 3-დან 5%-მდე იზრდება. როგორც მელიქიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, საქართველო წლიდან წლამდე უფრო მეტად იმპორტდამოკიდებული ხდება. მისივე თქმით, ხისტი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ჰიდროენერგეტიკას, ასევე ქარის და მზის სადგურებს.
“რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულება გამოიცა, რომლის თანახმადაც 1 746 მეგავატის პროექტების ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები, რეალურად ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტების სტატუსით არსებობდა, თუმცა ქვესადგურებზე გარკვეული სიმძლავრეები დარეზერვებული და დაბევებული იყო. მათი ნიველირება მოხდა. ამისი არგუმენტაცია გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში მშენებლობასთან მიმართებით ამ პროექტების გადავადება ხდებოდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი ტალღა არ იქნება, არამედ სექტორი ველოდებით, რომ მაღალი ალბათობით, მინიმუმ, კიდევ ერთი ტალღა იქნება. სექტორისთვის ესაა ახალი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ახალ ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ უკეთესი კვალიფიკაცია, კომპეტენცია, გამოცდილება, საქმიანობის ისტორია, ფინანსური მდგრადობა იმისათვის, რომ ააშენონ როგორც ჰიდროელექტროსადგურები, ამასთანავე მზის და ქარის ელექტროსადგურები მიეცეთ მეტი შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს განახორციელონ.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე უფრო მეტად იმპორტდამოკიდებული ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მოხმარება ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 3-დან 5%-მდე იზრდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზამთრის მოხმარება ზაფხულის მოხმარებას გაუტოლდა, იმიტომ, რომ ელექტრომობილები გაჩნდა, ამასთანავე ადამიანის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებამ კონდიციონერების დამონტაჟება გამოიწვია, ნებისმიერი ახალი შექმნილი ბიზნესი , თუ ნებისმიერი ტექნოლოგიური პროგრესი ავტომატურად ელექტროენერგიის დამატებით მოხმარებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, წელს პირველად აგვისტოს თვეში იძულებულები ვიყავით, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის სახით იმპორტი განგვეხორციელებინა. წელს დავდექით იმ გამოწვევის წინაშე, რომ ელექტროენერგია არ გაგვაჩნია, ჩვენ თვითკმარი ქვეყანა არ ვართ და ამიტომ ძალიან ხისტი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჰიდროენერგეტიკას, მზეს და ქარს. პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკას”- განაცხადა მაია მელიქიძემ.
მისივე თქმით, ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტის წილი, დაახლოებით, 10-დან 15%-მდე მერყეობს.
“უნდა აღვნიშნო, რომ GREDA-ს მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა ჩვენ ვუპასუხოთ იმ კითხვას, მოსახლეობიდანაა წამოსული. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ლეგიტიმურ კითხვას სვამს: “რას ვაკეთებთ მათთვის?” ჩვენ ვპასუხობთ: უკეთესი ცხოვრების პირობები, უკეთესი განვითარება იმიტომ, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი მოხმარდება იმ სოფელს, იმ თემს, სადაც ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური შენდება. ეს არ იქნება ერთი, ან ორი წლის განმავლობაში, ეს იქნება მთელი 20, 25, 50 წლის განმავლობაში, რადგან ჰიდროელექტროსადგურს 50 -წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ადამიანებს ექნებათ იმის განცდა, რომ ყოველწლიურად ექნებათ კონკრეტული თანხა იმისათვის, რომ პროექტები, რომელიც შეიძლება, იყოს დაკავშირებული გზის მშენებლობასთან, წყალმომარაგებასთან, ვთქვათ, კულტურულ ღონისძიებასთან, ბაღის მშენებლობასთან დაკმაყოფილებული იქნება.
ამჟამად, იმპორტის წილი წმინდა ელექტროენერგიის სახით, დაახლოებით, 10-დან 15%-მდე მერყეობს. ძირითადი იმპორტიორი რუსეთი გახლავთ, შემდეგ აზერბაიჯანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თბოელექტროსადგურები გვაქვს. ისინი ელექტროენერგიას გაზის საშუალებით აგენერირებენ. ჩვენ ჩვენი გაზი არ გაგვაჩნია, ამიტომ იმპორტს აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ, საქართველოში კი ვაწარმოებთ ელექტროენერგიას, მაგრამ ისიც იმპორტირებულია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გაზი შემოგვაქვს და ნედლეულს მისგან ვაწარმოებთ. ჩვენი იმპორტდამოკიდებულება დაახლოებით 25%-ს მიუახლოვდება და სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების [6-7 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმისა და გამოფენის] და მომდევნო წლების განმავლობაში ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარება, სექტორის ერთი ქოლგის ქვეშ შემოსვლა, პოლემიკა, დისკუსია და ჩამოყალიბებული რეკომენდაციების, რჩევების უკვე პოლიტიკის შემქმნელებისადმი მიტანა.
ძალიან საინტერესო პროექტია ქარის სადგური, რომელიც გორთან ძალიან ახლოს შენდება, რეალურად 203 მეგავატია.
ჩვენ გვაქვს 20,7 მეგავატის და ახლა საკმაოდ დიდი ფერმა შენდება, რომელიც ჩვენი პირველი ქარის ელექტროსადგურიდან, დაახლოებით 6 კილომეტრშია. ახალი სადგური გაცილებით მოცულობითი იქნება, საკმაოდ დიდი ტერიტორია იქნება და ჩვენს ქსელში დიდი მოცულობის ქარის ენერგიას მივიღებთ. უკვე სამშენებლო ეტაპზეა გადასული. დარწმუნებული ვარ, სოციალურ ქსელში ნახავდით ვიდეოებს, ჩვენი თანამემამულეები კითხვებს სვამენ, თუ რა არის ეს, რისი გადატანა ხდება. ესაა ქარის ელექტროსადგურების ფრთები , რომლის ტრანსპორტირებაც ხდება” , – განაცხადა მელიქიძემ.
თამუნა შეყილაძე