“შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს” – ვოლსკი

“შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ის პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემოქმედებაა ის კანონი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს. მაშინ, იყვნენ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები და ჩართული ამ საკითხებში. შემდეგ ის კანონი გააძლიერეს, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს ეხება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და შემდეგი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს მართვის სისტემას, არასწორი, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს, კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან. სამწუხაროდ, დანაშაულები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ახალგაზრდებს ის უზარმაზარი ტკივილი არ უნახავთ, რაც ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად არაერთმა ქართულმა ოჯახმა განიცადა. აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაც არსებობს, კონკრეტული დადგენილება, კონკრეტული ფორმულირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები