ქართული ფესტივალის მესამე კვირა ლევილში წარმატებით დასრულდა
ლევილის ისტორიულ მამულში მესამე საფესტივალო კვირას არაერთი საინტერესო სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება, ლევილის მამულში მეორედ იმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.
ქართული ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იმართება და მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
9 ივნისს ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: „ჰოროლმა“ ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა გამართა; საზოგადოების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ და მუსიკოსი ლელა ნაყეური;
გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟ. სოსო ნემსაძე); გაიმართა შეხვედრა ქართველ კარიკატურისტებთან – ზალიკო სულაკაურსა და ნიკო კემულარიასთან;
ნინო ბახუტაშვილმა და ელენე ბულაშვილმა გამართეს ძაფის ბუნებრივი საღებავებით ღებვისა და ფარდაგების ქსოვის მასტერკლასი; ლიტერატურული პრემია „ანას“ ლაურეატი, პოეტი ირმა ბერიძე შეხვდა საზოგადოებას და თავისი შემოქმედება გააცნო; საფესტივალო დღე ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის, „ნართების“ (ქართული და ოსური ფოლკლორი), კონცერტით დასრულდა.
„წელს 26 მაისი პირველად განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა ლევილის ისტორიულ მამულში.
წლევანდელი ფესტივალის ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფესტივალში მონაწილეობისთვის ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები.
წელს ფესტივალზე არაერთ სპორტის სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (შვიდი სტუდენტი) ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად რამდენიმე კვირის განმავლობაში უმასპინძლა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები იყვნენ და მათ მიერ აქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.