აფეთქება მინსკის რადიოქარხანაში – კატასტროფა, რომელმაც ასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

სსრკ-ში არ უყვარდათ ადამიანებისთვის ისეთი ტრაგედიების შეტყობინება, რომელთაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ამიტომაც ბევრი კატასტროფის შესახებ ჩვენ სსრკ-ის დაშლიდან ათწლეულების შემდეგ გავიგეთ. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია გახლდათ 1972 წელს მინსკის რადიოქარხნის აფეთქება. რა მოხდა მაშინ ქარხანაში, სადაც ტელევიზორის ყუთებს აწარმოებდნენ?

დიდი სიმძლავრის აფეთქება მინსკში 1972 წლის 10 მარტს, 19:30 საათზე მოხდა. უზარმაზარი ორსართულიანი ქარხანა ბანქოს სახლივით დაიშალა.

აფეთქებიდან პირველ წუთებში ადგილზე ორიენტირება ძალიან ძნელი იყო. საწარმოში გამორთო ელექტროენერგია, შესაბამისად, ჩაქრა შუქი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ შენობა პატარა ნაკუწებად დაიშალა. ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანი მოყვა, რომელთაგან 100, სამწუხაროდ, დაიღუპა.

ქარხანა „ჰორიზონტი“

70-იან წლებში საბჭოთა კავშირში ნამდვილი სატელევიზიო ბუმი დაიწყო. ყველას ტელევიზორის შეძენა სურდა, რაც სიმდიდრის და წარმატების სიმბოლო იყო. პროდუქტზე მოთხოვნამ გამოიწვია ის, რომ რადიოელექტრონიკის ქარხნებმა ტელევიზორების წარმოება დაიწყეს. ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი მინსკის რადიოქარხანა გახდა. საწარმომ სახელი 1972 წელს შეიცვალა და „ჰორიზონტი“ დაირქვა. ზუსტად ასე ერქვა ტელევიზორებსაც, რომელსაც ქარხანა აწარმოებდა.

„ჰორიზონტში“ დასაქმება არამარტო ადგილობრივებს სურდათ. იქ ჩადიოდნენ ახალგაზრდა სპეციალისტები მთელი ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა სამსახურს იღებდა, ვინაიდან საწარმო გამუდმებით იზრდებოდა და ქარხანაც ფართოვდებოდა. ეს იყო განყოფილება, რომელიც ტელევიზორებისთვის ხის კორპუსებს აწარმოებდა. ის მინსკის ბოლოში, საწარმოო ზონაში განალაგეს.

საწარმოში ხალხი 3 ცვლად მუშაობდა. თითო ცვლაში, დაახლოებით, 800 ადამიანი იყო. 10 მარტის სამუშაო დღე სხვებისგან არ განსხვავდებოდა. პირველი ცვლის დასრულების შემდეგ ჩატარდა კრება, რომელზეც საწარმოს პრობლემები გაარჩიეს. ერთ-ერთი მათგანი სახანძრო უსაფრთხოება გახლდათ – საწარმოში მუდამ ჩნდებოდა ცეცხლის კერები. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, შეემუშავებინათ მტვრის „ბუდეების“ და ჰაერგამტარების გასუფთავების გეგმა.

აფეთქება შესვენების დროს

ამის შემდეგ პირველი ცვლა სახლში წავიდა და მეორე მოვიდა. 19:00 საათზე, განრიგის მიხედვით, შესვენება იყო და მომუშავეების დიდი ნაწილი სასადილო ოთახში იმყოფებოდა. ეს რომ არა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. 19:30 საათზე აფეთქება მოხდა და ქარხანა განადგურდა. ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ ჩაფლული დარჩა.

აფეთქების ტალღა იმდენად დიდი იყო, რომ საწარმოდან რამდენიმე კილომეტრშიც კი იგრძნობოდა. მინსკის მოსახლეობა კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა ხანძარს აფეთქების ადგილზე. ნანგრევების გასუფთავებამ რამდენიმე დღეს გასტანა. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ამოიყვანეს სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან პირველ საათებში.

ბელარუსმა ჟურნალისტმა, სლავომირ ანტონოვიჩმა წლების შემდეგ ტრაგედიის მასალების შესწავლისას დაადგინა, რომ აფეთქების შედეგად, დაახლოებით, 250 ადამიანი დაზარალდა. ადგილზე და შემდგომ საავადმყოფოში, საერთო ჯამში, 100 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რომ არა ხანძარი. სახანძრო ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, არ აღმოჩნდნენ მზად ასეთი მასშტაბებისთვის.

ისინი წყალს უხვად და ქაოსურად ასხამდნენ, რაც, ცხადია, ნანგრევებს ქვეშ მყოფ ადამიანებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. საქმე ისაა, რომ მარტის დასაწყისი საკმაოდ ცივი იყო და საღამოს ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცა. ნგრევას და ხანძარს გადარჩენილი ადამიანები ნანგრევების ქვეშ გაიყინნენ.

ცალკე პრობლემას წარმოადგენდა თავად შენობის ნანგრევები. ქარხნის პერიმეტრზე დარჩა ბეტონის კოლონები, რომელთა შორის აქა-იქ ჩამოკიდებული იყო ბეტონის ფილები. მაშველები მათი ჩამონგრევის რისკის ქვეშ მუშაობდნენ და ეს აფერხებდა ოპერაციას. დანგრეული შენობის ქვეშ მდებარეობდა გვირაბი, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ადამიანები. მათი ბედის შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი.

კატასტროფის გამოძიება

სამაშველო ოპერაციის დაწყებისთანავე მოსკოვიდან მინსკში კომისია ჩავიდა. მისი მიზანი იყო შემთხვევის გამოძიება და აფეთქების მიზეზის დადგენა. ყურადღების ქვეშ მოექცა ბელარუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის მდივანი პეტრო მაშეროვი. მის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა დადიოდა. ამბობდნენ, რომ ჩინოსანი არ აღიარებდა საწარმოს ხელმძღვანელების დანაშაულს. თითქოს, მას მიზეზად მოჰყავდა ძველი საბრძოლო მასალები, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიოს დროიდან მიწისქვეშა საცავებში ინახებოდა. თუმცა, ძალიან მალე გაჩნდა ოფიციალური ვერსია. კომისიამ ჩათვალა, რომ ყველაფრის მიზეზი იმპორტული ლაქისა და საღებავის გამოყენების წესის დარღვევა გახდა. ნივთიერების აორთქლების კონცენტრაცია შენობის ზოგიერთ ნაწილში ნორმას 10-ჯერ სცდებოდა.

გარდა ამისა, საწარმოებს ჰაერგამტარებსა და ფილტრებში ბევრი მტვერი დაგროვდა. განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლაი ხომივი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქარხნის ხელმძღვანელობასთან სავენტილაციო სისტემების პროექტირების შეცდომების შესახებ, მაგრამ მის წერილებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

გამოძიების შემდეგ დააკავეს ქარხნის დირექტორი ზახარენკო, მთავარი ინჟინერი, განყოფილების ხელმძღვანელი ხომივი და დაგეგმარების რამდენიმე ხელმძღვანელი. ისინი 1-დან 3 წლამდე ვადით დააპატიმრეს. მოგვიანებით, ნიკოლაი ხომივი უდანაშაულოდ ცნეს და ნასამართლობა მოუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები