რა გახდა რობერტ ფიცოზე თავდასხმის მიზეზი – ბრალდებული დანაშაულის მოტივზე საუბრობს

იურაი ცინტულამ, რომელმაც გასულ კვირას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ესროლა, დაკითხვისას განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის მოკვლა არ სურდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამბობს, რომ მისი მიზანი მხოლოდ ფიცოს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება იყო, რადგან ის სლოვაკეთის პრემიერის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა.

სასამართლო დოკუმენტის მიხედვით, ცინტულამ განაცხადა, რომ ფიცოს მთავრობის გადაწყვეტილებების შემდეგ თავს უძლურად და იმედგაცრუებულად გრძნობდა საზოგადოების მდგომარეობის გამო და არ ეთანხმებოდა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, მათ შორის სპეციალური პროკურატურის გაუქმებას და ზეწოლას დამოუკიდებელ მედიაზე.

მისივე თქმით, სურს, რომ სლოვაკეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა აღდგეს.

სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმაში ბრალდებული დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირთან მიმართებაში იუდად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშნულის გამო მოქმედება გადაწყვიტა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. მან ფიცოზე თავდასხმის დაგეგმვა 13 მაისს დაიწყო, ამისთვის კი ჩეხური წარმოების 9მმ CZ 75 პისტოლეტი გამოიყენა, რომელსაც კანონიერად ფლობდა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს, მთავრობის გასვლითი სხდომის დროს მოხდა. თავდამსხმელი 71 წლის მწერალი, იურაი ცინტულაა, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები