ისტორია „ყველაზე სერიოზულ გოგონაზე“, რომლის გაცინებაშიც 30 ათას დოლარს იხდიდნენ

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელებს ჰქონდათ შანსი, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინათ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. კერძოდ, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცირკი სოლიდურ თანხას სთავაზობდა ნებისმიერ ადამიანს, ვინც ახალგაზრდა ქალბატონს, სიუზან კელის გააცინებდა.

„წარბებშეკრული სიუს“ გაცინება, დღევანდელი კურსით, 30 000 დოლარად იყო შეფასებეული, ამიტომაც „აშშ-ის ყველაზე სერიოზული გოგონას“ გაცინებას ყველა ასაკისა და ჟანრის კომიკოსი ცდილობდა.

მიუხედავად აქტიური მცდელობებისა, შედეგს  მაინც ვერავინ მიაღწია. მაშინაც კი, როცა ყველა დამსწრე სიცილით ძირს ეცემოდა, პირქუში სიუ უაღრესად სერიოზული რჩებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბევრი კომიკოსისთვის გოგონას გაცინება პრესტიჟის საქმე გახდა და ამ მიზნის მიღწევას სრულიად უსასყიდლოდაც ცდილობდნენ. შედეგი არც ენთუზიასტების დაუღალავმა შრომამ მოიტანა.

„რა არის ამაში სასაცილო?“ – ქვის სახით ეკითხებოდა გოგონა მაყურებელს, როდესაც მორიგი კომიკოსი სცენას შეძახილებისა და სტვენის ფონზე ტოვებდა. ზოგი დარწმუნებული იყო, რომ სიუზანს ან ესმოდა, ან მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა, მარტივი ტესტით, ეს ეჭვი მარტივადვე ქარწყლდებოდა.

სიმართლე მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც ამ „სანახაობამ“ არსებობა შეწყვიტა. ნაწილობრივ გამართლდა იმ ადამიანების ეჭვი, რომლებიც აღნიშნული წარმოდგენების ორგანიზატორებს არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებდნენ. დადგინდა, რომ სიუზან კელი იშვიათი თანდაყოლილი დაავადებით –  მობიუსის სინდრომით იყო დაავადებული. ამის „წყალობით“, სიუზის სახის ნერვი პარალიზებული გახლდათ, ამიტომ გოგონას გამომეტყველების ცვლილება, მათ შორის, გაცინება, შეუძლებელი იყო.

ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში არსებობდა, თუმცა სინდრომის იშვიათობის გამო, მის შესახებ, სამეცნიერო წრეებს მიღმა, თითქმის არავის არაფერი გაეგო. სწორედ ამ ისტორიამ წარმოშვა შემდგომ პოპულარული ამერიკული გამონათქვამი, რომელიც, დაახლოებით, ასე ჟღერს: „ეს წარბშეკრულ სიუსაც კი გააცინებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები