ბოლნისში ანსამბლ „თამარიონის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი” 20 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ანსამბლ „თამარიონის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მაყურებლისთვის სცენაზე არაერთი ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა.
ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, კულტურის ცენტრის დირექტორი სოსო კოპალეიშვილი და ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე გელიაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ანსამბლს საიუბილეო თარიღი მიულოცა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული შემოქმედებითი წვლილისთვის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა ანსამბლი „თამარიონი“, მისი ხელმძღვანელი თამარ რეხვიაშვილი, ქორეოგრაფები დავით ჩიხლაძე და ანი რეხვიაშვილი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

,,ქორეოგრაფიულ ანსამბლ „თამარიონს“ მოღვაწეობიდან 20 წელი შეუსრულდა. მინდა, ანსამბლის ხელმძღვანელს, ქორეოგრაფებსა და თითოეულ წევრს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. ანსამბლმა ქალაქის კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და საკუთარი შემოქმედებით ქართული ცეკვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. მუნიციპალიტეტის მერია კი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები