რუსეთის ქალაქ კოპეისკში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ამოქმედებულია საგანგებო რეჟიმი
რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში საწარმოს აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში დროებითი საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა.
მათივე ინფორმაციით, გასული ღამით აფეთქება ერთ-ერთ საწარმოში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებენ. ქარხანა იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს.
“მოხდა ძლიერი აფეთქება საწარმოს ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის ცხრა ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ხუთი ადამიანი დაშავდა და ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს მათი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. ვმუშაობთ, რომ სიტუაცია სრულად გავაკონტროლოთ”,- დაწერა ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი ტექსლერმა, სოციაურ ქსელში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ (МЧС) განაცხადა, რომ გარემოში ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელების საფრთხე, ამ დროისთვის, არ ფიქსირდება, თუმცა ჰაერის ხარისხზე მონიტორინგი გრძელდება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.