მენაგვე, რომელმაც 10 მილიონზე მეტი მოიგო, გაფლანგა და ისევ მენაგვედ მუშაობს
ადამიანები ხშირად არ აფასებენ იმას, რაც უშრომელად, მარტივად მიიღეს. ბრიტანელი მაიკლ კეროლის ისტორია ამის კარგი მაგალითია. მაიკლი მენაგვედ მუშაობდა და ლატარიაში უზარმაზარი თანხა მოიგო, მაგრამ მისი სწორად მართვა ვერ შეძლო. რამდენიმე წლის განმავლობაში, მან მთელი თავისი ფული დაუდევრად დახარჯა, შემდეგ კი, ისევ თავის სამუშაოს დაუბრუნდა.
მაიკლ კეროლი 1983 წელს ინგლისის ქალაქ სვაფჰემში დაიბადა. მისი ოჯახი ნამდვილად არ გახლდათ შეძლებული. როცა ბიჭი ერთ წელზე მეტის იყო, მამა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როდესაც მაიკლი შვიდი წლის გახდა, მისი მშობლები განქორწინდნენ.
ბავშვზე არავინ ზრუნავდა, რასაც მისი ბიოგრაფიიდან ერთი ფაქტი მოწმობს. ახალგაზრდა კეროლმა წერა-კითხვა მხოლოდ 13 წლის ასაკში ისწავლა. უფრო მეტიც, ამას ასწავლიდნენ არა სკოლაში, არამედ Hallsley Bay-ის გამოსასწორებელ სახლში, სადაც ის მაღაზიის ქურდობის გამო მოხვდა. გისოსებს მიღმა რამდენიმე წლის გატარების შემდეგ მაიკლი გაათავისუფლეს და მენაგვედ დასაქმდა.
19 წლის ასაკში კეროლმა იყიდა ლატარიის ბილეთი, რომელშიც 10 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. მას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ამ ფულის პროცენტითაც კი შეეძლო, სიცოცხლის ბოლომდე კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ ბედის საჩუქარი სწორად ვერ გამოიყენა.
თავდაპირველად, მილიონერი საკმაოდ გონივრულად იქცეოდა. ის გეგმავდა ტბის პირას სასახლის ყიდვას, რომ თევზაობითა და ცხოვრებით დამტკბარიყო. მაიკლმა დედას და დას თითო მილიონი აჩუქა, შემდეგ კი, ფულის უმისამართოდ ხარჯვა დაიწყო.
კეროლმა იყიდა ძვირადღირებული სამკაულები და მანქანები, მოაწყო გრანდიოზული წვეულებები და დიდი თანხა დახარჯა. ძალიან მალე ახალგაზრდა მამაკაცი 80 ძვირადღირებული მანქანის, რამდენიმე ძვირადღირებული სასახლის და წარმოუდგენელი რაოდენობის ძვირფასი ნივთების მფლობელი გახდა. თუმცა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მაიკლმა თავი ცხოვრების ბატონად იგრძნო და ამპარტავან, მოჩხუბარ ადამიანად გადაიქცა.
2005 წლის ივნისში პოლიციამ ხულიგნობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავა. კეროლი ქალაქში მანქანით სრულიად მთვრალი დაქროდა და მაღაზიის ვიტრინებს ლეწავდა. დაკავებამდე მან რამდენიმე ათეული მინის დალეწვა და რამდენიმე მანქანის დაზიანება მოახერხა. სასამართლომ 240-საათიანი საზოგადოებრივი შრომა და სოლიდური ჯარიმა მიუსაჯა.
თუმცა, ფული მაიკლისთვის არაფერს ნიშნავდა, ამიტომ ამ გაკვეთილმა ვერაფერი ასწავლა. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, 2006 წლის თებერვალში მან რამდენიმე მოზარდი ბეისბოლის ბიტით სცემა. ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, სასამართლომ მამაკაცს 9-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც კი გაათავისუფლეს, კეროლი კვლავ პოლიციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამჯერად ის ქუჩებში თავისი მოოქროვილი ჯიპით დაქროდა. ისევ მთვრალი იყო. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არ იქცეოდა საუკეთესოდ. ის ფართომასშტაბიან წვეულებებს აწყობდა და საკუთარი სახლის ეზო ნამდვილ ნაგავსაყრელად აქცია. მისი სახლის ირგვლივ 70 დანგრეული მანქანა იდგა და საბურავების მთები აღმართულიყო.
მაიკლის მშვენიერი ცხოვრება მალე დასრულდა. მას მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდა უზარმაზარი თანხის გასანიავებლად. ერთ დღეს კეროლის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ და ფული მოსთხოვეს. მათმა მონაპოვარმა 160 ათასი დოლარი შეადგინა. ეს იყო ერთ დროს მილიონერის ბოლო ფული.
2010 წელს, გაკოტრებულმა, ისევ მენაგვედ დაიწყო მუშაობა და დღემდე ამ საქმეს აკეთებს.