მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 95 წელი გავიდა
ქართველი ერის ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის, დაბადებიდან 95 წელი გავიდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს მუხრან მაჭავარიანის მამულიშვილურ ღვაწლსა და ქართული პოეზიის წინაშე მის გამორჩეულ დამსახურებას.
„არიან პოეტები, რომელთა ცხოვრებაც სამშობლოს ბედთანაა გადაჯაჭვული. მუხრან მაჭავარიანი ასეთთა შორისაა. ამის მანიშნებელია მისი ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ლექსი, რომელიც ასე იწყება: „საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი“…
მუხრან მაჭავარიანი მდიდარი ბიოგრაფიით გამორჩეული პოეტია. საკმარისია ვახსენოთ არაერთი ჟურნალის („პიონერი“, „დილა“, „საუნჯე“) რედაქტორობა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობა, საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსა და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრობა…
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ბიოგრაფიული ეპიზოდები, რომელთაც პოეტის კოლეგები ასე შთამბეჭდავად იხსენებენ: „ლექსები წაგვიკითხა რუსთაველზე, საბაზე“… „მე მომისმენია მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი. იმას ჰგავდა“ (ნოდარ დუმბაძე).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მუხრან მაჭავარიანს „ძე ქუხილისა“ უწოდა. თავადაც წერდა, პოეტში ხმაა მთავარიო, რაც ზოგიერთებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს. ოპონენტებმა თითქოს ვერ შენიშნეს, რომ პოეტი იქვე დასძენდა: „სათქმელის შესატყვისი ხმა“. სამაგიეროდ, გურამ ასათიანმა სრულიად გასაგებად ახსნა: „ის, რისი თქმაც მან შეძლო, სხვებმაც სცადეს, მაგრამ მხოლოდ მან მოახერხა, ასე ხმამაღლა, შთამბეჭდავად, ყველასათვის გასაგონად ეთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ მას განგებ არ „დაუბოხებია“ ხმა. ასეთი გრგვინვა მუხრანის ლექსს თვით ბუნებამ მისცა“.
ისიც უნდა ითქვას, რომ „გრგვინვა“ მუხრანის ყველა ლექსს როდი ახასიათებს. მის პოეზიაში უხვადაა „წმინდა ლირიკის“ ბრწყინვალე ნიმუშები – ლექსები ქალზე, წვიმაზე, გაზაფხულზე, სიყვარულზე… სწორედ ამას გულისხმობს პოეტის მრწამსი: „სათქმელის შესატყვისი ხმა“.
სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ მინდა, ჩემს საფლავზე ქართული სიტყვა რომ ჰყვაოდესო, – ამბობს ერთ ლექსში. და მთაწმინდაზე, პოეტისთვის ალალად განკუთვნილ სამარის ლოდზე, ლამაზად ყვავის ორი ქართული სიტყვა: „მუხრან მაჭავარიანი“… – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.