გასეირნება 60-იანი წლების დუბლინში

ხშირად ხდება ხოლმე, როცა ფოტოგრაფია ერთგვარ დროის მანქანად გადაიქცევა და წარსულში გვამოგზაურებს. რაც უფრო შორია წარსული, როგორც წესი, მით უფრო მიმზიდველი და საინტერესოა ის. თუ ფოტოები ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც ხარისხიანია, მაშინ მათი თვალიერება ერთი სიამოვნებაა. სწორედ ეს შემთხვევაა ამერიკელი ფოტოგრაფის, ჩარლზ კუშმანის ნამუშევრები, რომლებიც 1960-იანი წლების დუბლინშია გადაღებული. ამ ფოტოებზე ლეგენდარული ქალაქის იდენტური ატმოსფერო იგრძნობა.


ცოტა რამ დუბლინზე:

დუბლინი X საუკუნეში ვიკინგების დასახლების სახით დაარსდა. მკვიდრ ირლანდიელთა არაერთი შემოტევის მიუხედავად, ქალაქს 1169 წლამდე ვიკინგები აკონტროლებდნენ. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ქალაქის ადრეული ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად ტყვეთა სყიდვას უკავშირდება. მონობამ ირლანდიასა და დუბლინში უმაღლეს მწვერვალს IX-X საუკუნეებში მიაღწია.

დღესდღეობით, დუბლინი ირლანდიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. ის მდებარეობს დუბლინის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიფის შესართავთან. სამხრეთიდან დუბლინის მთები ესაზღვრება. 2016 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის ურბანულ სივრცეში მცხოვრებთა რიცხვი 1 173 179-ს შეადგენდა.

დუბლინი ქვეყნის ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი და როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე განათლებისა და ხელოვნების კერაა. 2018 წელს გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა დუბლინი მსოფლიოს 30 გლობალურ ქალაქს შორის დაასახელა.

დუბლინში მწვანე სივრცეებს 1500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უკავია. ქალაქის საჯარო პარკებს შორისაა ფენიქსის პარკიც, რომელიც დუბლინის ცენტრიდან 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ის ყველაზე დიდი შემოსაზღვრული პარკია ევროპაში. მისი პერიმეტრი 16 კილომეტრი, ხოლო ფართობი 707 ჰექტარია. პარკში პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს, რომელიც 1751 წელსაა აშენებული.

დუბლინს მნიშვნელოვანი ლიტერატურული ისტორია აქვს და მსოფლიოში სახელგანთქმული მრავალი მწერლის მშობლიური ქალაქია. მათ შორის არიან ნობელიანტებიც: უილიამ ბატლერ იეიტსი, ჯორჯ ბერნარდ შოუ და სემიუელ ბეკეტი. გავლენიან დუბლინელ მწერალთა და დრამატურგთა რიგში არიან ოსკარ უაილდი, „გულივერის მოგზაურობის“ ავტორი ჯონათან სვიფტი, „დრაკულას“ შემქმნელი ბრემ სტოკერი და ჯეიმს ჯოისი, რომლის კალამსაც „ულისე“ და „დუბლინელები“ ეკუთვნის. დუბლინში ირლანდიის უდიდესი ბიბლიოთეკები და ლიტერატურული მუზეუმები მდებარეობს. 2010 წლის ივლისში იუნესკომ დუბლინს ლიტერატურული ქალაქის სტატუსი მიანიჭა


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები