ლიდერები ციხეში – ლენინი, კასტრო, სტალინი, მუსოლინი, ჰუსეინი და ნორიეგა

სხვადასხვა დროს არაერთი სახელმწიფოს მეთაური და ლიდერი აღმოჩენილა ციხეში. ზოგი მანამდე, სანამ საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა, ზოგი მმართველობის შემდეგ, ზოგიც – სადღაც შუაში, თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ  – ციხეში გადაღებული ფოტოები აერთიანებთ.

დღეს 6 ასეთ ფოტოს გიჩვენებთ.

ვლადიმერ ლენინი

მას შემდეგ, რაც 1887 წელს მისი უფროსი ძმა ალექსანდრე მეფის დამხობის მცდელობისთვის დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს, ვლადიმერ ლენინიც მარქსისტი და რევოლუციონერი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი დააკავეს სტუდენტურ ბუნტში მონაწილეობისთვის და გააძევეს უნივერსიტეტიდან. ოცდაათი წლის შემდეგ, 1917 წლის 17 ოქტომბერს ლენინმა დაასრულა ძმის მიერ დაწყებული საქმე, გახდა ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელი და მოაწყო რევოლუცია.

ფიდელ კასტრო

1953 წლის 26 ივლისს 26 წლის ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა თავდასხმას მონკადას ყაზარმზე სანტიაგოში, კუბაზე, დიქტატორ ფუხლენსიო ბატისტას ჩამოგდების მცდელობის დროს. აჯანყებულებმა ბრძოლა წააგეს, მაგრამ კასტრომ უკან დახევა მოახერხა. ის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა, სანამ 1-ელ აგვისტოს იპოვიდნენ. სასამართლო პროცესზე, თავის დასაცავად სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა „ისტორია გამამართლებს!“

კასტროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რადგანაც თვლიდა, რომ აჯანყებულები საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ, ხელახლა არჩეულმა ბატისტამ კასტრო 1955 წელს გაათავისუფლა. 4 წლის შემდეგ კუბაში ხელისუფლება შეიცვალა.

იოსებ სტალინი

სსრკ-ის მეთაურობამდე მრავალი წლით ადრე სტალინი რევოლუციონერი იყო. ის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მუდმივად ახერხებდა გაქცევას.

მანუელ ნორიეგა

1989 წელს, პანამის ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ, მანუელ ნორიეგა აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით დაამხეს. დიქტატორი გაიქცა, მაგრამ საბოლოოდ, დანებდა. ის გაგზავნეს მაიამიში, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგა. 1992 წელს ნორიეგა დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. თხუთმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ ის აშშ-ის ციხიდან გამოუშვეს, პანამისა და საფრანგეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე. პარიზში ნორიეგა 2010 წლის 27 აპრილს ჩავიდა, სადაც ხელახალი სასამართლოს შემდეგ, დამნაშავედ ცნეს და 2010 წლის ივლისში შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდაიცვალა 2017 წლის 29 მაისს 83 წლის ასაკში.

ბენიტო მუსოლინი

სამხედრო სამსახურის თავიდან ასაცილებლად, 1902 წელს 19 წლის ბენიტო მუსოლინი იტალიიდან შვეიცარიაში გაიქცა. ვერ იპოვა სამუშაო, გახდა სოციალისტი და 1903 წელს დააპატიმრეს გაფიცვის დროს ძალადობის წაქეზებისთვის. იგი დეპორტირებული იქნა იტალიაში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, დოკუმენტების გაყალბების გამო, კვლავ დააკავეს შვეიცარიაში. საბოლოოდ, მუსოლინი დაბრუნდა იტალიაში, მსახურობდა ჯარში და ხელმძღვანელობდა ფაშისტურ პარტიას სიკვდილით დასჯამდე ანუ 1945 წლამდე.

სადამ ჰუსეინი

2003 წელს, აშშ-ის შემოჭრის შემდეგ სადამ ჰუსეინი ბაღდადიდან გაიქცა, მაგრამ დეკემბერში დაიჭირეს და დააპატიმრეს. 2006 წლის ნოემბერში სასამართლომ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დამნაშავედ ცნო. აქედან რამდენიმე თვეში ერაყის ყოფილი დიქტატორი ჩამოახრჩვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები