“ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინიექციური მომხმარებელი ჰყავს” – ნარკოლოგი

ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინიექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

როგორც ექიმი აცხადებს, ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული არიან და ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ნივთიერებებს იშვიათად მოიხმარენ, სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ, კანონი კი მათ ერთნაირად უყურებს.

„ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლის დიდი რაოდენობაა. ამ კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. დღეისათვის, ქვეყანაში ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელი 49 000 ადამიანი გვყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, შეიძლება, ყველაზე მაღალიც კი, მსოფლიოში. კარგი ამბავი აქ ის არის, რომ ამ მომხმარებელთა რაოდენობამ კლება დაიწყო. ამ მონაცემებს ბოლო 20 წელია, რაც ვითვლით. ადრე რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ სულ ზევით მიდიოდა. აღნიშნული კვლევები 3-4 წელში ერთხელ ტარდება. 2022 წელს პირველად ვნახეთ, რომ რაოდენობა კლებისკენ წავიდა. ჩემი, როგორც დარგში მომუშავე ადამიანის შეხედულებაც ამ ტენდენციას ემთხვევა. ვთვლი, რომ ინიექციურ მომხმარებელთა კოჰორტა ბერდება და ახალგაზრდები ნაკლებად ემატებიან, რადგან ინიექციური მოხმარება ნარკოტიკის მიღების ის გზა აღარ არის, რომელიც დღევანდელ სამყაროში პოპულარულია – ეს მოდა, თუ ჩვევა, გადადის. ახლა მოხმარების გზაზე ვსაუბრობ და არა მომხმარებელთა ზოგად რაოდენობაზე. ეს პრობლემა ბოლო მონაცემებით მცირდება. რაც შეეხება სხვა ტიპის მომხმარებლებს – როცა ნარკოტიკის მომხმარებელს ვამბობთ, ვის ვგულისხმობთ, ვინც დამოკიდებულია მასზე, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდება, თუ 22 წლის ახალგაზრდას, სტუდენტს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ კლუბში წავა და იქ ექსტაზს მიიღებს? ეს ყველა ერთი და იმავე ქვაბში მოვხარშოთ? ალბათ, არა. ეს ხალხი თანაბრად უნდა იყოს ჩვენი წუხილის საგანი? – არა. ამ ხალხს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, კანონი კი ამ ადამიანებს ერთნაირად უყურებს. თუ რაღაც რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინა, ერთსაც ბევრი წლით ციხეში გაუშვებს და მეორესაც.
ორ ჯგუფად რომ დავყოთ, პრობლემური – ინიექციური და რეკრეაციული ახალგაზრდა, გართობის მიზნით, რომ მოიხმარს, ჯერ დამოკიდებულება რომ არ აქვს, აი, ამათთან რა ხდება არ ვიცით. პირველ შემთხვევაში ვიცით, რამდენი არიან, რას მოიხმარენ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი მოხმარება, რადგან კვლევები, რომელიც ტარდება, ამ ადამიანებთან ტარდება, პლუს, სერვისებთან კონტაქტშიც ესენი არიან, ექიმთან, ფსიქოლოგთან მიდიან, ვიცით ვინ არიან. მეორე ჯგუფი, რომელიც ვახსენეთ, არ მოდიან, რადგან მიიჩნევენ, რომ არ სჭირდებათ დახმარება და ბევრს მართლა არ სჭირდება, ამიტომ ამ ადამიანებზე არაფერი ვიცით“, – აცხადებს ოთიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები