„მელიების სროლა“ – სასტიკი გერმანული სპორტი, რომელიც დავიწყებას მიეცა

მსოფლიოში სპორტის ბევრი უცნაური სახეობა არსებობდა და არსებობს, რომელიც ვიღაცისთვის გასაოცარი ან ზოგჯერ სასაცილოც კია, თუმცა, სამწუხაროდ, წარსულში ისეთ სახეობებსაც შეხვდებოდით, რომლებიც უდანაშაულო ცხოველების სიკვდილს იწვევდა. დღეს მსგავსი სპორტი არაჰუმანურად ჩაითვლება და ოფიციალურადაც ვერ იარსებებს, მაგრამ სულ რაღაც 2-3 საუკუნის წინ ამ ფაქტორს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. შესაბამისად, ცხოველის წამება ან მოკვლა ხშირად მხოლოდ ადამიანების გართობას უკავშირდებოდა. „მელიების სროლა“  არც ნადირობა იყო, რითიც ადამიანები საკვებს მოიპოვებდნენ, ეს, უბრალოდ, დროის გატარების საშუალება და შეჯიბრების სახეობა გახლდათ, რომელიც გერმანიაში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.

1719 წელს გამოცემულ წიგნში – „Der vollkommene deutsche Jäger“ – უცნაურ ილუსტრაციებს გადააწყდებით. წყვილ-წყვილად განლაგებულ ადამიანებს გრძელი ტილოები უჭირავთ, რომლებზეც მელიები გადარბიან, ზოგჯერ კი, ფაქტობრივად, ჰაერში დაფრინავენ.

ამ უცნაურ მოქმედებას მაყურებელიც აკვირდება. მსგავსი გამოსახულებები სხვა იმდროინდელ წიგნებშიც გვხვდება. სპორტის ამ სახეობას გერმანულად „Fuchsprellen“ ჰქვია. ტილოებზე გადარბენის პროცესში ადამიანები მელიებს ჰაერში ისვრიან. მსაჯები ყურადღებით აკვირდებიან, თუ რომელი წყვილი ააგდებს ჰაერში ყველაზე მეტ მელას და რომელი წყვილის მიერ აგდებული ცხოველი აფრინდება ყველაზე მაღლა.

სათამაშო მოედანი ნახერხით ან ქვიშით იფარება, რათა ცხოველი მალე არ მოკვდეს და რამდენიმე „რაუნდს“ გაუძლოს. იმისათვის, რომ თამაში უფრო დინამიკური იყოს, მათრახით შეიარაღებული ადამიანები მელიებს აიძულებს, უფრო აქტიურად იმოქმედონ.

(მარჯვნივ) მკვდარ ცხოველებს რიგებად აწყობენ, რათა მარტივი დასათვლელი იყოს

როდესაც მელა დიდი სიმაღლიდან მიწაზე რამდენიმეჯერ ეცემოდა, სიკვდილი გარდაუვალი იყო. როგორც ამ საშინელი გართობის მოწმეები წერდნენ, ზოგიერთი გამოცდილი მოთამაშე ცხოველის 7-8 მეტრზე აგდებასაც ახერხებდა. ზოგჯერ, თუ მელიების რაოდენობა საკმარისი არ იყო, სხვა ცხოველებსაც „მიაშველებდნენ“ ხოლმე.

ისტორიამ შემოინახა ერთ-ერთი ასეთი თამაში, რომლის დროსაც 687 მელა, 533 კურდღელი, 34 მაჩვი და 21 გარეული კატა მოკლეს. ცნობილია ისიც, რომ მოთამაშეებიც არაერთხელ დაშავებულან – შიშითა და ტკივილით სასოწარკვეთილი ცხოველები ხშირად მათ მტანჯველებს კბენდნენ.

ეს სასტიკი თამაში შუა საუკუნეებში წარმოიშვა და მე-18 საუკუნის ბოლომდე პოპულარული იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ დროს, როცა კანტი და მოცარტი ცხოვრობდნენ, სადღაც ადამიანების ჯგუფები იკრიბებოდნენ და მელიებს ჰაერში აგდებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები