111 წლის ინგლისელი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა – რაშია მისი საიდუმლო
111 წლის ინგლისელი ჯონ ალფრედ ტინისვუდი მსოფლიოში ყველაზე ასაკიანი მამაკაცი მას შემდეგ გახდა, რაც 2 აპრილს 114 წლის ვენესუელელი ხუან ვისენტე პერესი გარდაიცვალა. წესით, ახალი რეკორდსმენი 112 წლის იაპონელი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიმდინარე წლის 31 მარტს ისიც დაიღუპა.
რაც შეეხება ჯონ ტინისვუდს, ის დიდი ბაბუაა და ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ყველაზე მოხუცი მამაკაცი გახდა, „გინესის რეკორდების წიგნის“ ოფიციალური წარმომადგენელი, მეგან ბრიუსი საუთპორტში ჩავიდა, რომ ჯონისთვის სერტიფიკატი გადაეცა და უფრო მეტი გაეგო მისი ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ.
მიუხედავად თავისი ასაკისა, ჯონი ჯერ კიდევ ახერხებს ყოველდღიური რუტინის შესრულებას: ის დგება საწოლიდან სხვისი დახმარების გარეშე, უსმენს რადიოს და დღემდე თავად მართავს საკუთარ ფინანსებს.
ჯონის თქმით, მისი დღეგრძელობის საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ გამართლებაა.
„თქვენ ან დიდხანს ცოცხლობთ ან – არა. ამას ვერაფერს მოუხერხებ“.
გარდა იმისა, რომ ყოველ პარასკევს თევზს მიირთმევს, ჯონი ამბობს, რომ რაიმე კონკრეტულ დიეტას არ იცავს.
„ისევე, როგორც სხვები, მე ვჭამ იმას, რასაც მაძლევენ. სპეციალური დიეტა არ მაქვს.“
თუმცა, ჯონი არ ეწევა თამბაქოს და არც ალკოჰოლს მოიხმარს. მისი მთავარი რჩევა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ასე ჟღერს: „დაიცავით ზომიერება.“
„თუკი თქვენ ზედმეტად ბევრს სვამთ, ან ჭამთ, ან ზედმეტად ბევრს დადიხართ; თუკი რაიმეს ზედმეტად ბევრს აკეთებთ, საბოლოოდ, დაიტანჯებით.“
ჯონი დაიბადა ლივერპულში 1912 წლის 26 აგვისტოს – იმავე წელს, როდესაც „ტიტანიკი“ ჩაიძირა. ის საფეხბურთო კლუბის „ლივერპულის“ გულშემატკივარია.
ჯონმა ორივე მსოფლიო ომი გადაიტანა. მეორის დროს ის 27 წლის იყო. მიუხედავად მხედველობის პრობლემებისა, თავისი მიზანი იპოვა და მუშაობა დაიწყო ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ჯარის სახელფასო კორპუსში. გარდა საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტისა, მისი სამსახური მოიცავდა ლოჯისტიკურ ამოცანებს, ისეთებს, როგორიცაა ჩარჩენილი ჯარისკაცების პოვნა და სურსათის მიწოდების ორგანიზება. აქედან გამომდინარე, ჯონი მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია.
ომის შემდეგ ის ბუღალტერიაში 1972 წლამდე მუშაობდა, სანამ პენსიაზე გავიდოდა.
როდესაც ჰკითხეს, როგორ შეიცვალა სამყარო მის გარშემო, ჯონმა უპასუხა:
„მსოფლიო თავისებურად ყოველთვის იცვლება. ეს ერთგვარი შეუჩერებელი გამოცდილებაა. ის უკეთესი ხდება, მაგრამ საკმარისად არა. ის სწორი გზით მიდის“.
მამაკაცმა მეუღლე ლივერპულში ცეკვებზე გაიცნო. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე თბილი მოგონება ქორწილია 1942 წელს, ქალიშვილი სიუზენის გაჩენამდე ერთი წლით ადრე. წყვილმა ერთად 44 წელი იცხოვრა, სანამ ქალი 1986 წელს არ გარდაიცვალა.
ახლა ჯონს ჰყავს ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
მას შემდეგ, რაც 100 წელი შეუსრულდა, დედოფალი ელისაბედისგან მისალოც ბარათს იღებდა.
ჯონის რჩევა ახალგაზრდა თაობებისთვის ასეთია:
„ყოველთვის აკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, მიუხედავად იმისა, თავად სწავლობთ რაიმეს თუ ვინმეს ასწავლით. გაეცით ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ.