ქალი, რომელმაც სამშობლოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური აჩუქა – ვინ იყო ქეთევან იაშვილი

საქართველო ყოველთვის იდგა იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ძალისხმევას სამშობლოს კეთილდღეობას ახმარდნენ. დღეს მათ შესახებ შვილებს ვუყვებით და ვცდილობთ, ამ საუკეთესო მაგალითებით თაობები აღვზარდოთ, თუმცა არსებობენ დიდი ადამიანები, რომელთა სახელიც საზოგადოების ცნობიერებაში არც ისე ღრმადაა ჩაბეჭდილი. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ქეთევან იაშვილია, რომლის ხსოვნამაც იქამდე უნდა იარსებოს, სანამ საქართველო იარსებებს.

მომავალი ექიმი და კოლექციონერი 1883 წელს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ შალაურში თავადის, მერაბ იაშვილის ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ხელოვნებით იყო გატაცებული. დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო, 1900 წელს კი, ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, თელავში პროვიზორად მუშაობდა. 1930-იან წლებში თბილისში, საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა. აღნიშნული პროფესია მან პეტერბურგში შეისწავლა და მას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა. ძირითადად, სწორედ ამ საქმის წყალობით შეძლო საოცარი ფერწერული ტილოების შეძენა და ბრწყინვალე კოლექციაც შეაგროვა. თავად მხატვრებიც ჩუქნიდნენ ხოლმე მას თავიანთ ნამუშევრებს.

გ.ჯაში (1914-1996) – ქეთევან იაშვილის პორტრეტი, ტილო.,ზეთი.

„ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები. მიზნად დავისახე, მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში. ამ მიზნით, ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი,” – წერდა ქეთევან იაშვილი.

მისი ცხოვრება საკმაოდ რთული და ტკივილებით სავსე იყო. პირველი მეუღლე მალე გარდაეცვალა. შემდეგ ცოლად მოხეტიალე თეატრალური დასის წევრს, ნიკოლოზ კაზიევს გაჰყვა, რომელიც მასავით კოლექციონერი გახლდათ. შვილი არ ჰყავდა, ამიტომ გოგონა იშვილა, რომელიც, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში დაიღუპა.

ღრმად მოხუცებული ქეთევან იაშვილი მსოფლიო დონის შედევრებით კოლექციის გამდიდრებას მაინც არ წყვეტდა. ბოლოს ეს ყველაფერი თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა. ამ საგანძურის ღირებულება, დაახლოებით, 400 მილიონი ლარია.

მის კოლექციაში მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები, XIX-XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში დაცულია 187-მდე  რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები. როგორც ცნობილია, პირველად მან ფრანც რუბოს ნახატი „აულ ღუნიბის აღება“ შეიძინა, მერე ელენე ახვლედიანის, მიხაი ზიჩის, ლადო გუდიაშვილის, ბრუმელ ნარვილის, ივანე აივაზოვსკის, გიგო გაბაშვილის, ალბერტ კეიპისა და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები.

გარდა ამისა, მის კოლექციაში თავმოყრილია ისეთი  ნივთები, როგორიცაა: უნიკალური ჩინური ვაზები, ბუდას ქანდაკება, რომის მინიატურული ხედები და ა.შ.

ქეთევან იაშვილი 1980 წელს, 97 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად, თელავის მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები