„ყველა აქსესუარს განსაკუთრებულ ენერგიას და დიდ სიყვარულს ვაქსოვ“…

დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი, ფრანგული ენის ფილოლოგიის განხრით,  პროფესიით არ უმუშავია. პანდემიის დროს დაინტერესდა ხელსაქმით. მეოთხე წელია აქსესუარებს ამზადებ, მონაწილეობ გამოფენებში. უახლოეს ხანში ემზადება გამოფენისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. – სალომე ხითაროვის პერსონა.

– ბავშვობიდან მიყვარდა მძივები, ვშლიდი და ვაწყობდი. სიფერადე და კეთების პროცესი მომწონდა. ხატვა მიყვარდა, თუმცა მთავარი გატაცება არ ყოფილა.
–  პროფესიით ფრანგული ენის ფილოლოგი ხართ…
– დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგული ენის ფილოლოგიის განხრით. ვიყავი საფრანგეთში სტაჟირებაზე, თუმცა ჩამოსვლიდან მალევე შევქმენი ოჯახი და ვეღარ გავაგრძელე  საქმიანობა.
ნამუშევრების დამზადება პანდემიის დროს დაიწყეთ…
– პანდემიამ მომცა საშუალება, ფარული ნიჭი აღმომეჩინა.თავიდან უბრალოდ ვერთობოდი ბავშვთან ერთად, თუმცა შემდეგ უკვე გაჩნდა იდეა და განხორციელდა კიდეც.
– თამარ მეფის ჯვარი მთავარი ბრედია…
– თამარ მეფის ჯვარი „ტასმიას“ მთავარი ნიშაა. მოთხოვნაც განსაკუთრებულია მასზე, იმის გათვალისწინებით, რომ თამარ მეფე ჩვენთვის ძალიან დიდი სახელია.
– მრავალფეროვანი კოლექცია გაქვთ… გულსაკიდების, სამაჯურების, საყურეების… რას ითვალისწინებთ დიზაინის შექმნის დროს?  რომელს გამოარჩევდით თქვენი ნამუშევრებიდან?
– როცა სამუშაო მაგიდასთან ვჯდები, შეიძლება კონკრეტულად რაღაც იდეა არ მქონდეს, თუმცა როგორც კი მასალებს გადმოვალაგებ, ეტაპობრივად მოდის იდეები და ზოგჯერ ისე გადის დრო, ვერც ვხვდები, როგორ მეპარება დრო, ბევრჯერ დამთენებია კიდევაც…
–  გვერდს „ტასმია“  ჰქვია. რატომ?
– ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის –  ტასოს და მიას –  ჩემი გოგონების სახელები გავაერთიანე. ორივე ხომ უძვირფასესია, „ტასმიაც” ასევე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის.
– თქვენი შვილიც აკეთებს სამკაულებს…
– ტასო 10 წლისაა, საოცრად ნიჭიერი ბავშვია, ჩემზე ბევრად უკეთეს რამეებს ქმნის – ხატავს, ქსოვს, ჩანთებს ამზადებს ბისერებით, აქსესუარებს აკეთებს.  მისით ძალიან ვამაყობ.

ტასოს ჩანთა

– რამდენად გაგიმართლათ? ანუ ოჯახის რჩენას თუ ახერხებთ თქვენი საქმით?
– ვერ გეტყვით, რომ შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა ჩემთვის, როგორც ქალისთვის, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფინანსური დამოუკიდებლობისთვის.
– მეოთხე წელია აქსესუარებს ვამზადებთ, მონაწილეობთ გამოფენებში… 27 აპრილს ამერიკაში წარმოდგენილი იქნება თქვენი კოლექციები…
– ვმონაწილეობ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. თებერვალში საბერძნეთში  ქართული ღვინის და დიზაინის ფესტივალში ვმონაწილეობდი.
ამჟამად კი, 27 აპრილს, უფრო გრანდიოზული მიზნებით ვართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ტარდება ასეთი ერთობლივი ფესტივალი, სადაც რამდენიმე დიზაინერი ვიქნებით წარმოდგენილი – როგორც სამკაულის, ასევე სამოსის კუთხით.
–  საინტერესო ამბავი…
–  ყველა აქსესუარს განსაკუთრებულ ენერგიას ვაქსოვ, დიდ სიყვარულს  და დადებით მუხტს. ამიტომაც პატარა ისტორია ყველას აქვს…
ჩემს მეგობრებს თილისმებად უკეთიათ ის სამაჯურები, რაც მე დავუმზადე. მეც მაბედნიერებს ეს ყველაფერი და ამიტომ ზღვა დადებით ემოციას ვაქსოვ ყველა დეტალში.
– ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს, ფოტოგრაფია მიტაცებს. ასევე დაინტერესებული ვარ ფსიქოლოგიით. გავდივარ და ვსწავლობ სხვადასხვა კურსს. ასევე გატაცებული ვარ სოცმედიით, მეგობრებთან ერთად ამ კუთხითაც ვცდილობ დამკვიდრებას, ვსწავლობ ქარგვას, ეპოქსიდზე მუშაობას.
– ოჯახი…
– ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. რომ არა ოჯახის გვერდით დგომა, ეს ყველაფერი უბრალოდ არ იქნებოდა…
– სამომავლო გეგმები…
– გეგმები, მოდით, სიურპრიზად დავტოვოთ.

                                                                                                                                        თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები