ეროვნული კინოცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების გზით დაინტერესებული პროდიუსერებისა და ავტორების ხელშესაწყობად.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მისი მიზანია ქართული კინოს პოპულარიზაციის მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებს გარეთ და ფილმების გაქირავების ხელშეწყობა.
„სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. განმცხადებელს ეროვნული კინოცენტრის წინაშე არ უნდა ჰქონდეს შეუსრულებელი მნიშვნელოვანი ვალდებულება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. დებულების თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი ფილმის წარდგენა.
ფილმი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული ან ქართულ-უცხოური ერთობლივი ნამუშევარი მნიშვნელოვანი ქართული შემოქმედებითი წილით. ფილმს აუცილებლად უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი სუბტიტრები. ფილმის პრემიერა არ უნდა იყოს გამართული 2023 წლის იანვრამდე და კინობაზრობებზე არ უნდა იყოს ნაჩვენები 2023 წლის დეკემბრამდე.
ეროვნული კინოცენტრის მიერ შეირჩევა არაუმეტეს ორი ფილმისა კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე ერთჯერადი ჩვენების მიზნით, რასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც გაიღებს ეროვნული კინოცენტრი.
საბუთები მიიღება 2024 წლის 28 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ეროვნულ კინოცენტრში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4 ნაბეჭდი სახით, ან ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – documents@gnfc.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. კონკურსანტებს კონსულტაციის მიღება შეუძლიათ წინასწარი შეთანხმებით ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ან ტელეფონით.
ეროვნული კინოცენტრი კონკურსის შედეგებს გამოაქვეყნებს არაუგვიანეს 15 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვრცლად კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/Tw3a7lbs

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები