ლიეტუვაში კონსტანტინე გამსახურდიას სამუშაო ვიზიტი გაიმართა

 ლიეტუვაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას სამუშაო ვიზიტი გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით,  შეხვედრები ლიეტუვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვის სახელმწიფო არქივსა და ლიეტუვის ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ლიეტუვის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე აქტიურ მუშაობას კულტურისა და მეცნიერების სფეროებში. შეხვედრის ფარგლებში ლიეტუვის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ლიეტუვური წიგნები გადაეცა.
ვილნიუსის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის ფარგლებში კონსტანტინე გამსახურდია გაეცნო ვილნიუსის უნივერსიტეტის უძველესი და უახლესი ბიბლიოთეკების საქმიანობას, ასევე მხარეების მიერ მზადყოფნა გამოითქვა საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედი ქართული ენის კურსებისა და საკვირაო სკოლის წარმატებულ ფუნქციონირებას და აღნიშნული ფარგლებში უნივერსიტეტს ქართული წიგნები გადაეცა.
ლიეტუვის სახელმწიფო არქივში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ლიეტუვის ისტორიული კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას.
ლიეტუვის ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა „მრგვალი მაგიდის“ დისკუსია, სახელწოდებით: „საბჭოთა პერიოდის ანტისაბჭოური და დისიდენტური მოძრაობა საქართველოსა და ლიეტუვაში“.
ლიეტუვაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ვიზიტი საქართველო-ლიეტუვის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის ფარგლებში გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები