„ბეწვის ხიდზე გავლა მიწევს, რომ სითამამე და ეროტიკა ზედმეტებში არ გადამივიდეს“…

დაიბადა სიღნაღში, პოეტ ამირან გოდერძიშვილის და მუსიკოს ნინო მირიანაშვილის ოჯახში.
ბავშვობიდან წერდა ლექსებს. ამბობს, რომ  მამას შენახული აქვს 5 წლის ასაკში საკუთარი ხელით დაწერილი  მისი პირველი ლექსიც.
10-13 წლის იყო, როდესაც პირველი ლექსი  სიღნაღის გაზეთ „ქიზიყში“ დაიბეჭდა.  დღემდე  მისი ლექსები ქვეყნდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში,  ასევე – ინტერნეტ  პოეზიის ჯგუფებში.
პროფესიით: ფიზიკოსია ბაკალავრის წითელი დიპლომით, დაამთავრა ჯიპას მაგისტრატურა: სახელმწიფო მართვის განხრით.
ცხოვრობს თბილისში.  მუშაობს საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაში.
ამბობს, რომ  ხელოვნება  მისი  სულის თავშესაფარია….
უყვარს ადამიანებიწერა, მოგზაურობა, სურათების გადაღება
ერთი პოეტური კრებულის – „ამოსუნთქვამდე“  ავტორია. – პოეტ მირანდა ერისთავის პერსონა.

 

–   პოეტისა და მუსიკოსის ოჯახში დაიბადეთ…
– ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანების, სიტყვების დაკვირვება.  იყო პერიოდი ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მშობლებისგან ვსწავლობდი რომ შენზე სუსტს უნდა დაეხმარო და თავი ცუდად არავის აგრძნობინო. სხვები უნდა დააყენო პირველ ადგილზე და რაც ადამიანს სიკეთეს მოუტანს, ის აკეთო.
– ლექსებს ბავშვობიდან წერდით, ასევე ხატავდით… პირველი ლექსები სიღნაღის გაზეთმა „ქიზიყმა“ დაბეჭდა…
– ბავშვობიდან ვთამაშობდით ყველა სიტყვაზე რითმის პოვნას მე და მამა. ხშირად ლექსებით ვლაპარაკობდით საათობით. ასე, თამაშ-თამაშით, ზეპირად მასწავლა მამამ გრიშაშვილი, მუხრანი, ლებანიძე, ნიშნიანიძე, მორისი და ბევრი დიდებული პოეტის ლექსები.
– პროფესიით ფიზიკოსი ხართ. წითელ დიპლომზე დაამთავრეთ ბაკალავრიატი… რატომ ფიზიკა? სტუდენტობის დროს ბევრი საინტერესო ლექსი დაიწერებოდა?
–  ფიზიკა და მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ფიზიკის კანონებით შეგიძლია ახსნა ადამიანთა ქცევებიც. აი, მაგალითად, დიდი სხეულები იზიდავენ მასზე პატარა სხეულებს ისევე, როგორც დიდი ადამიანები იზიდავენ მათზე პატარებს.  ასევე ის, რომ რა ძალასაც და ენერგიასაც გასცემ – უკან გიბრუნდება იგივე. ამიტომ, სჯობს, ყოველთვის სიყვარული გავცეთ. ენერგიის მუდმივობის კანონის შემთხვევაც რომ განვიხილოთ –  არცერთი ენერგია არ იკარგება და  ჯობია, კარგი ენერგიით დავმუხტოთ დედამიწა.
სტუდენტობის დროსაც ვწერდი თამამ ლექსებს, მაგრამ  მამამ: უხერხულია გასათხოვარი გოგონასთვისო და შევწყვიტე, რაც იმით დამთავრდა რომ ბევრი ჩემი ლექსი მიითვისეს სხვა ავტორებმა და ბევრიც დაიკარგა. ყოველთვის მინდოდა, ლექსით მესაუბრა ტაბუდადებულ თემებზე, ქალის სახე ამომეწია ქართულ პოეზიაში..
– ჯიპა სახელმწიფო მართვის განხრით დაამთავრეთ… პარალელურად თქვენი ლექსები სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა..
–  დავამთავრე სახელმწიფო მართვა…  ჩემი აზრით, ადამიანიც და სახელმწიფოც სიყვარულით და სუფთა ხელებით უნდა მართო. ადამიანები მარტო მაშინ გამოგყვებიან, თუ ხედავენ, რომ გულწრფელი ხარ და მართლა შეგტკივა მათზე გული.
– არაპოეტური სამსახური (საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობთ) და პოეზია…  როგორ ხედავთ თავად თქვენს თავს ამ ორ „განზომილებას“ შორის მოქცეულს?
– ლექსი – ჩემთვის რეალობიდან გაქცევის იდეალური საშუალებაა. ჩემი თავშესაფარი და სულიერი საზრდოა. სამსახური საჭირო რესურსი, რომ ოჯახი არჩინო და ფულადი ვალდებულებების შესრულება შეძლო საკუთარ შვილებთან, საყვარელ ადამიანებთან.
სამსახური მეხმარება საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებშიც, რაც, თავის მხრივ, ახალ თემებს მაძლევს ლექსის საწერად.
– მირანდა ერისთავის ლექსებმა უცებ მიიპყრო ყურადღება, განსაკუთრებით, სიყვარულზე დაწერილი ლექსებით… ზოგმა მოგიწონათ სითამამე, ზოგმაც – არა… მე კი ნინო თარიშვილი გამახსენდა უნებურად… თავად რას იტყოდით?
– როგორც აღვნიშნე, ქართულ პოეზიაში ნაკლებადაა ქალის მიერ დაწერილი სასიყვარულო ლექსები, სადაც მკვეთრად ჩანს, რომ ლექსის ავტორი ქალია. ამიტომ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი მხრიდან შემემატებინა ამ მიმართულებით რაიმე. ბეწვის ხიდზე გავლა მიწევს, რომ სითამამე და ეროტიკა არ გადამივიდეს ზედმეტებში.
– ამ ბოლო დროს რატომღაც რითმებზე გადააქვთ ყურადღება და ზოგჯერ, სამწუხაროდ, ორიგინალური რითმების ძებნაში აზრი, მთავარი სათქმელი იკარგება… თქვენ როგორ წერთ? რითმას თუ გაუტაციხართ…
–  ხან რითმა ისეთ საოცრებამდე მიგიყვანს, რომ შენით ვერც მიაგნებდი და შეიძლება უფრო მეტ სულიერ სიღრმემდე მიგიყვანოს, ვიდრე თავისუფალ ლექსს შეუძლია.
ჩემი აზრით,  რითმის მუსიკა ალამაზებს ლექსს. თუმცა რითმის სიყვარულმა სული და აზრი არ უნდა წაართვას ლექსს. ზოგადად, ნებისმიერ ლექსს ეტყობა წვალებით დაწერილია, თუ სულიდან ამოსროლილია.
– როგორი უნდა იყოს თანამედროვე პოეტი?
–  ნებისმიერი პოეტი უნდა იყოს გულწრფელი, კეთილშობილი. თავისი სიტყვით სხვისი სათქმელიც უნდა თქვას და სხვის გულამდეც ადვილად უნდა მიიტანოს აზრი, ემოცია.
უნდა იყოს სიახლის ძიებაში. უნდა იყოს ხელოვანი და არა ხელოვნური.
–  როდის იწერება ლექსები… მუზას თუ ელოდებით?
– ჩემი ლექსები, ძირითადად, გზაში იწერება. უცებ გაიელვებს სიტყვა, აზრი და თუ ვერ დავიჭერ  – მავიწყდება მერე.
ყოფილა ასეც, გონებაში 5-10 სტროფიანი ლექსისთვის მომისმენია და ერთი სიტყვაც ვერ გადამიტანია ფურცელზე. ლექსის წერის დროს სხვა განზომილებაში ვარ ხშირად…
–  ოჯახი…
– მყავს სამი შვილი და მეუღლე. ჩემი 9 წლის გოგონას, ნინიკოს,  უყვარს ლექსები და თვითონაც წერს და ეძებს რითმებს.
– ერისთავი – პოეზიაში ამ გვარით დაიმკვიდრეთ თავი…
–  ერისთავი მეუღლისგან მიღებული გვარია და ასე ვამჯობინე, რადგან საბუთებშიც მასე ვარ.
– „ამოსუნთქვამდე“ – ასე ჰქვია პოეტურ კრებულს… როგორ შეიქმნა ეს წიგნი? და რა იყო თქვენი სათქმელი?
– ჩემი სათქმელია, რომ უფრო მეტი სიყვარული გავცეთ და ვიყოთ ღმერთივით უბრალოები.
– ჰობი…
–  ადამიანებთან საუბარი, სურათების გადაღება, მოგზაურობა, სიკეთის კეთება.
–  კარგად ფლობთ ენებს: ინგლისურს, რუსულს, თურქულს… ეტყობა, ენის ათვისების ნიჭიც დაგყვათ… როგორც არატრადიციული მედიცინის – სუჯოკის შესწავლის…
–  მიყვარს ადამიანებს მათ ენაზე ვესაუბრო. გულის გულში მჯერა, რომ ყველა ენას აქვს საერთო სიტყვები და მათ მარგალიტებივით ვეძებ და ვაკავშირებ ჩვენს ქართულ ენასთან. მაგალითად, იტალიური სიტყვა „ნაშიერე“, ანუ დაბადება და ქართული სიტყვა „ნაშიერი“ ერთმანეთს რომ დავუკავშირე, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
– რა არის მირანდა ერისთავისთვის სიყვარული?
– სიყვარული არის ღმერთი, შემწყნარებლობა, უბრალოება, სიკეთე. ყველაზე დიდი ენერგია, რაც კაცობრიობას გადაარჩენს.
– ერთ ლექსი…

*   *  *

თითქოს ფილტვებში გადის ოზონი, –
ცაც მოსაწევად მსურდა მესინჯა,
და  შენ კი, როგორც გრანდიოზული
მოდიხარ ისევ მარტო მესიჯად

და ეძებ ჩემში დღემდე მოკეთეს,
თუმც მტრისათვისაც აქ ვარ ვიომო,
თითქოს სულყველა კარი მოკეტეს
და ზეცის ლურჯი აკვარიუმი

თავზე დამემსხვრა, ჰო, არ ვამლაშებ,
შენზე ოცნებებს ვატარებ მუცლით,
ჩემ გვერდით ვხედავ მარტო მამაჩემს
და არ გაჩენილს სახელებს ვუცვლი,

როგორც იმედს და როგორც იდეას,
სანამ ვიღაცა ფრთებსაც მოაჭრის,
თუ გინდა სულმთლად განმერიდე, ან
მოყევ სახლამდე გულის მოაჯირს…

გადავხლართულვარ შენში ტისმებით
და გხატავ ჩემში ლამაზ ესკიზად,
ჩვენ ღვინოსავით სხვისთვის ვისმებით,
და თუ დაგვცალეს ბოლოს ეს გვიზამს,

მას, რაც ქნა ამ დრომ  ყველა მოკვდავთან,
(დრო ყველას ჰკლავს და ყველას ერევა),
ვიღებ ცხოვრების ბოლო ოქტავას
და ცას გიტოვებ, როგორც რევერანსს!

– სამომავლო გეგმები…
– მეტად დავიხარჯო და ჩემი თავის მაქსიმუმი დავტოვო.  მიხეილ ქვლივიძეს უწერია: „ნიჭი, ეს ღვთისგან ბოძებული რამაა და დასასჯელია ყველა ის ადამიანი, ვინც მას ვერ გამოიყენებსო“! ჰოდა, თუკი მართლა  მაქვს რაიმეს ნიჭი, მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო და გავუადვილო და გავულამაზო სხვა ადამიანებს ცხოვრება.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები