“მშვიდობის ეპოქა დასრულდა, ომამდელ დროში ვცხოვრობთ” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპელ პოლიტიკურ მოკავშირეებს მოუწოდა, აღიარონ ახალი რეალობა, რომელშიც ფართომასშტაბიანი ომი კვლავ არის შესაძლებელი და უნდა იფიქრონ და იმოქმედონ ამ ახალი რეალობის შესაბამისად.

ამის შესახებ მან ბუქარესტში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუჭირეს მხარი.

“მშვიდობის ეპოქა დასრულდა, ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ, ომამდელ დროში და ზოგიერთი ჩვენი ძმისთვის ეს აღარ არის “ომისწინა” ეპოქა, არამედ სრულმასშტაბიანი ომი ყველაზე სასტიკი ფორმით“, – ხაზგასმით აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ირწმუნონ თავიანთი ძალების და არ შეუშინდნენ პასუხისმგებლობის აღებას და გადამწყვეტად იმოქმედონ.

“საკუთარი თავის ილუზიებით კვებას ვერ გავაგრძელებთ. ვერავინ მოგვიხსნის პასუხისმგებლობას ვიბრძოლოთ ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი უსაფრთხოებისა და ერთიანობის საუკეთესო გარანტი”, – თქვა მან.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ევროპას, როგორც საზოგადოებას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

„ევროპის პოტენციალი – ეკონომიკურ, ფინანსურ, დემოგრაფიულ, მორალურ განზომილებაში – უფრო დიდია, ვიდრე მათი, ვინც თავს გვესხმის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები