ვინ იყო ნოე რამიშვილის შვილი, ექიმი აკაკი რამიშვილი

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, ოჯახთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად  წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში.

ნოე რამიშვილის მეუღლე (1905 წლიდან) იყო პედაგოგი მარიამ (მარო) გოგიაშვილი (888-1972). მათ ოთხი შვილი აღზარდეს: ბენო (1907-1989), აკაკი, ნინო (ნუცა) და თამარი (1926-1949).

აკაკი სულ ოთხი წლის იყო, როცა ემიგრაციაში წაიყვანეს, მაგრამ მაინც ზედმიწევნით ახსოვდა ყველაფერი, რაც იმხანად ხდებოდა. მშობლების დამსახურებით, მან შესანიშნავად იცოდა მშობლიური ენა, რისი დასტურიცაა 2006 წელს თბილისში გამოცემული მისი მოგონებების წიგნი – „ჩვენი შეცდომები: 1918-1921“.

აკაკი რამიშვილი იგონებდა: „ოჯახში მუდამ ქართულად ვლაპარაკობდით, დედ-მამა წერა-კითხვას დედაენით გვასწავლიდნენ“. მამა შვილებს ქართულ პატრიოტულ ლექსებსაც ასწავლიდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 1926 წელს აკაკი რამიშვილმა ლევილის სკოლა დაამთავრა და მშობლებმა ლაკანალის ლიცეუმში მიაბარეს. იქ ბევრი ქართველი ემიგრანტის შვილი სწავლობდა. შაბათ-კვირას ოჯახებში ბრუნდებოდნენ.

ბავშვობა აკაკიმ ქართველ ემიგრანტთა წრეში გაატარა, მაგრამ, 1930 წელს, ნოე რამიშვილის ქართველის ხელით მკვლელობის შემდეგ, მისმა მეუღლემ ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა შეწყვიტა და სახლში აღარავის უშვებდა, ვლასა მგელაძისა და კოწია კანდელაკის გარდა.

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ აკაკი რამიშვილმა სწავლა გააგრძელა ქიმიის ინსტიტუტში. 1936 წლის იანვარში პოლონეთის მთავრობამ ქალბატონ მაროს შესთავაზა ყმაწვილის მიღება პოლონეთის სამხედრო სკოლაში და შემდეგ კონტრაქტის ოფიცრად პოლონეთის ჯარში მსახურება.

პოლონეთის ჯარში აკაკი შეხვდა ქართველ ოფიცრებს, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, თავიანთი თავდაჭერილობითა და სიდარბაისლით ქართველები შეაყვარეს პოლონელებს. თავის მოგონებებში ის წერს: „ვერ წარმოიდგენთ  ჩემისთანა 20 წლის ყმაწვილისათვის რა პატივი იყო ტაბახმელას გმირთა შორის ტრიალი. ესენი იყვნენ ნამდვილი რაინდები და ვაჟკაცები. გეგონებოდათ დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის მხედრები ხელახლა დაბრუნდნენ ქვეყანაზე“.

1939 წელს, როცა გერმანია პოლონეთს დაესხა თავს, ყველა ქართველი მეომარი მოხალისედ წავიდა ომში. 1940 წელს, აღმოსავლეთ საფრანგეთიდან გერმანელების შეტევის გამო, იძულებული გახდნენ შვეიცარიაში გადასულიყვნენ, სადაც  საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს.

ორი წლის შემდეგ აკაკი ბანაკიდან გაიქცა. როცა მოკავშირეებმა გაათავისუფლეს პარიზი, პოლონელებმა შეაგროვეს თავისი ხალხი და გადაიყვანეს ინგლისში მყოფ პოლონეთის ჯართან შესაერთებლად. ინგლისელებმა პოლონეთის ყველა მეომარს სამსახური ან სტიპენდია მისცეს, რაც აკაკის სამედიცინო განათლების მიღებაში დაეხმარა.

ომის შემდეგ ინგლისში სპეციალისტად დარჩენა ვისაც უნდოდა, ამ ქვეყნის ქვეშევრდომობა უნდა მიეღო. 1947 წელს აკაკი რამიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს მოქალაქე გახდა. მუშაობდა ექიმ-რადიოლოგად ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ინგლისში მან შექმნა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია სახელწოდებით „ევროპასთან დაკავშირებული ჯგუფი“ და აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან. ამ ჯგუფმა 20 წელი იარსება და იგი ოფიციალურად ცნო ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აკაკი რამიშვილი საფრანგეთში დაბრუნდა 1992 წელს, როცა უფროსი ძმა გარდაეცვალა და უმცროს დას, ნუცას ეხმარებოდა ლევილის ქართული მამულის მოვლა-პატრონობის საქმეებში. სიცოცხლის ბოლო წლებში სათავეში ედგა ლევილის ქართული კერის ასოციაციას.

საქართველოს მონატრების სევდა აკაკის მუდმივად თან სდევდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების იმედს არ კარგავდა. სამწუხაროდ, ეს ეს ვერ მოახერხა.

გარდაიცვალა 1999 წლის დეკემბერში, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

აკაკის მეუღლე პოლონელი ჰყავდა, შვილები არ ჰყოლიათ.

2001 წელს აკაკი რამიშვილის პირადმა არქივმა, მისივე სურვილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა.

2005 წლის სექტემბერში თბილისში შეიქმნა აკაკი რამიშვილის ფონდი – „ტრადიცია და ინოვაცია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია ნუცა რამიშვილი.

2016 წლის 12 იანვარს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში აღინიშნა აკაკი რამიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი. ღონისძიებაზე მისულ ყველა მსურველს  არქივში დაცული უმნივნელოვანესი მასალების ნახვისა და შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები