“უკრაინას აქვს უფლება, F-16-ებით რუსეთის სამხედრო ობიექტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაარტყას” – სტოლტენბერგი

დასავლური F-16 გამანადგურებლების მიღების შემდეგ, უკრაინას ექნება ლეგიტიმური უფლება – დაარტყას რუსეთის სამხედრო ობიექტებს, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში თქვა.

ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ზუსტად თქვას, თუ როდის შეძლებს უკრაინა F-16 გამანადგურებლების მიღებას.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ მოკავშირე ქვეყნებს სურთ, თვითმფრინავების ტრანსფერი რაც შეიძლება ადრე მოხდეს. თუმცა, F-16-ის მიღების ეფექტი უფრო დიდი იქნება, თუ უკრაინელი მფრინავები, ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი, კარგად იქნება გაწვრთნილი.

“ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს და დავიწყოთ მიწოდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიქნებით, ან მოკავშირეები იქნებიან მზად. რაც მალე, მით უკეთესი”, – განმარტა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ თითოეული მოკავშირე ქვეყანა გადაწყვეტს, მიაწოდოს თუ არა F-16 უკრაინას, რადგან ქვეყნებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიევს აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე ქვეყნის გარეთ დარტყმის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები