WP: იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი უკრაინის დახმარებაზე უარს იტყვის, ევროკავშირი სათადარიგო გეგმას ამზადებს
ევროპელი ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას და იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება და უკრაინის დახმარებაზე უარს იტყვის, სათადარიგო გეგმაზე ფიქრობენ.
ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
„როდესაც თავისუფალი სამყაროს ყოფილი და შესაძლოა, მომავალი ლიდერი ამბობს, რომ გულხელდაკრეფილი იჯდება და ნატოელ მოკავშირეებზე რუსეთის, შესაძლო თავდასხმას დააკვირდება, ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს აშშ-ის ვალდებულება ევროპისა და უკრაინის მიმართ“, – თქვა ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, „საუკეთესოს იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ“ და დასძინა, რომ ყველაზე უარესი სცენარი გულისხმობს “უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას და ვლადიმერ პუტინისთვის ევროპის რეგიონის დესტაბილიზაციის საშუალების მიცემას”.
WP წერს, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები ნატოსთვის საერთოკონტინენტური დანამატის შექმნა განიხილეს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად იმუშავებდა, ასევე, იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკული გარანტიები გაუქმდება.
თუმცა, ეს საუბრებიც კი მოკავშირეებს შორის სერიოზულ დაპირისპირებას იწვევს.
კერძოდ, საფრანგეთი და გერმანია ვერ თანხმდებიან, თუ ვინ გადაიხდის ამას. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არ ენდობიან დასავლეთ ევროპის მზაობას, დაუპირისპირდნენ რუსეთის საფრთხეებს.
ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა გაამყარონ აშშ-ის ვალდებულებები ნოემბრის არჩევნების წინ.
აშშ-ის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ცოტა რამის გაკეთება შეუძლიათ მომავალი ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაზღუდად.
როგორც გამოცემა წერს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ევროპასთან ურთიერთობაში სიტუაცია შეიცვლება.