რა ვითარებაა სიტყვის თავისუფლების კუთხით ოკუპირებულ აფხაზეთში – ე.წ.სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორმა მრგვალი მაგიდა გამართა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორმა ირინა აგრბამ მრგვალი მაგიდა გამართა, რომლის თემატური განსახილველი საკითხი ე.წ. რესპუბლიკაში სიტყვის თავისუფლება იყო.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აგრბა წინასიტყვაობის სახით საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყდა სიტყვის თავისუფლებაზე ყურადღების გამახვილება.
მისი თქმით, ასეთ ფორმულირებამდე ეტაპობრივად მივიდნენ.
“თუ სახელმწიფო ტელევიზია არსებობს იმისთვის, რომ თანამედროვე აფხაზეთის პირობებში სრულიად არარეალური კეთილდღეობის სურათი შექმნას, თუ სახელმწიფო ტელევიზიას ართმევენ შესაძლებლობას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ობიექტური ინფორმაცია მიიღონ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ვითარების შესაცვლელად. “სიტყვის თავისუფლება აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიაში” – მართალი გითხრათ, ასეთ ფორმულირებამდე უცებ არ მივსულვართ, ეტაპობრივად. თავიდან გვქონდა სურვილი გვესაუბრა მხოლოდ ოპოზიციაზე სახელმწიფო ტელევიზიაში, მაგრამ ეს თემა უფრო ფართოა. ჩვენ არ ვაყენებთ საკითხს სიტყვის თავისუფლებაზე საერთოდ, რესპუბლიკის ფარგლებში, არამედ, სიტყვის თავისუფლებაზე სწორედ სახელმწიფო ტელევიზიაში, რომ ეს დიალოგი შედგეს”, – თქვა მან.