უკრაინის გენშტაბი: მტერი ყველა მიმართულებით გვიტევს, დღის განმავლობაში ასამდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

დღის დასაწყისიდან ფრონტზე 94 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტრის თავდასხმების უმეტესობა ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით მოიგერიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები უკრაინის სრული ოკუპაციის გეგმებს არ ტოვებენ.

„დღეს დამცველებმა კუპიანსკის მიმართულებით 12 თავდასხმა მოიგერიეს. ავდიივკას მიმართულებით, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 19 თავდასხმა ნოვობახმუტივკას, სტეპოვეს, ავდიივკას დასახლებების რაიონებში და კიდევ 9 შეტევა ოპიტნეს, ვოდიანეს, პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად, სადაც დამპყრობელი წარუმატებლად ცდილობდა გაერღვია უკრაინული ჯარების თავდაცვა.

მარიინსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეკავებას, აქ ოკუპანტებმა ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება 14-ჯერ წარუმატებლად სცადეს.

ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 7 თავდასხმა, სადაც ოკუპანტი ცდილობდა შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას. ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 10 თავდასხმა. შახტარსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლის შეტევა.

ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 5 შეტევა. დამპყრობელი არ თმობს განზრახვას დაარტყას უკრაინულ შენაერთებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ამრიგად, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 4 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებზე“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები