სოფიო ლოქაბიძე: როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ისე იუსტიციის სამინისტროს მკვეთრი ორიენტირი აქვს მხარეთა უფლებების დაცვაზე; გამუდმებით ვცდილობთ, რომ ორმხრივი ინტერესი იყოს დაცული
„როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ისე იუსტიციის სამინისტროს მკვეთრი ორიენტირი აქვს მხარეთა უფლებების დაცვაზე“, – ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, სოფიო ლოქაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, რომ ორმხრივი ინტერესი იყოს დაცული და მივაღწიოთ გონივრულ ბალანსს მხარეთა უფლებებს და ინტერესებს შორის. აღსრულების ეროვნული ბიურო არის ერთ-ერთი გამორჩეული უწყება იმითაც, რომ ჩვენ გვაქვს მედიაციის სამსახური, გვყავს სოციალური მუშაკები და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები. სწორედ ეს თანამშრომლები არიან ყველა საჭირო შემთხვევაში და, ძირითადად, ყველა გამოსახლების საქმეზე ჩართული იმ მიზნით, რომ მხარეთა შორის მოხდეს შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მოითხოვს, სახელმწიფო გადაწყვეტილება აღსრულდეს ეფექტიანად და სწრაფად, ამ პრინციპის გარდა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობაც, რომელიც გულისხმობს, ნებისმიერ ეტაპზე სახელმწიფომ შეისწავლოს, გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს ამა თუ იმ წარმოებაში მყოფი პირების სოციალური სტატუსები. ამიტომაც ჩვენ ყველა გამოსახლების საქმეზე, რომელიც, ახალი არ არის, თუკი ვიტყვით, რომ ძალიან მგრძნობიარე საკითხია და მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, ჩართული ვართ მორიგების მიზნით და იძულებითი მექანიზმის გამოყენება გახლავთ მხოლოდ უკიდურესი საშუალება, ანუ ამ მეთოდს ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, თუკი, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მივაღწიეთ ორივე მხარისათვის მისაღებ შედეგს“, – განაცხადა სოფიო ლოქაბიძემ
მისი თქმით, ბოლო შემთხვევაშიც, კონკრეტულ საქმეზე არაერთხელ, ერთობლივი თუ დამოუკიდებელი შეხვედრების ფარგლებში, ბიურომ ყველა ძალისხმევა გამოიყენა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად.
„მაგალითისთვის რომ ავიღოთ, 2023 წელს ჩვენ 12 000 -ზე მეტ საქმეზე შევძელით სწორედ ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევის საფუძველზე, რომ საქმე დასრულდა მორიგებით, ანუ ყოველგვარი იძულებითი მექანიზმის გამოყენების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ, მიუხედავად საქმის სირთულისა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა პოზიციები საკმაოდ დაპირისპირებული იყო, ბიუროს აქტიური ჩართულობით და ძალიან დიდი სურვილის შედეგია სწორედ ის, რაც უკვე გაჟღერდა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზეც საბოლოოდ გამოინახა კონსენსუსის სივრცე, სადაც მხარეებმა მიიღეს ორივე მათგანისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ლოქაბიძემ.