ნდობა ჰიტლერისადმი და სტალინის შეცდომა, რომელმაც უამრავი ჯარისკაცის სიკვდილი გამოიწვია
1941 წლის 21 ივნისის ღამეს საბჭოთა სატვირთო მატარებელმა ის ხიდი გადაიარა, რომელიც რამდენიმე საათში გერმანულმა დესანტმა ააფეთქა. ვაგონები ქრომით, მანგანუმით, აზბესტითა და შეშით იყო დატვირთული. იმ წელს საბჭოეთმა ნაცისტური გერმანია 250 მილიონი ტონა ნედლეულით უზრუნველყო. ეს ნედლეული ევროპის ქვეყნების გასანადგურებლად გამოშვებული საბრძოლო მანქანების დასამზადებლად მიდიოდა.
მანამდე კი, იმავე წლის საპირველმაისო აღლუმზე, როცა სპეციალურად მოწვეულ გერმანელ ოფიცრებს საბჭოთა გენერლები ვასილევსკი, შაპოშნიკოვი, როკოსოვსკი, კონევი და სხვები სიამაყით აჩვენებდნენ ადგილობრივი წარმოების ტანკებს, სტალინი ტრიბუნიდან ამაყად ადევნებდა თვალს საკუთარი ქვეყნის მონაგარს და აღფრთოვანებული იყო ჰიტლერის წარმატებით დასავლეთის ფრონტზე.
რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი თავდაუსხმელობაზე, 2 წლით ადრე მოეწერა და მაინც, 1940 წლიდან მოყოლებული, ცნობილი საბჭოთა აგენტი, რიჰარდ ზორგე, მეტსახელად რემსი იწერებოდა, რომ ჰიტლერი ბრიტანეთის დამორჩილების შემდეგ საბჭოთა მეზობელსაც შეუტევდა.
მარშალ ჟუკოვის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სტალინის უახლოესი გარემოცვისთვის ცხადი, ბელადისთვის კი დაუჯერებელი გახლდათ, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირში შეჭრას გაბედავდა. 22 ივნისს, გამთენიისას, როცა იოსებ სტალინმა ჩვეულებრივზე გვიან გაიღვიძა (ვერ გაუბედეს შეწუხება და ამ დროში, დაახლოებით, 20 000 სამხედრო მოკვდა) და გაიგო, რომ ოპერაცია „ბარბაროსა“ დაწყებულიყო, ვერ დაიჯერა და თქვა, რომ ეს რაღაც გაუგებრობა იყო და ჰიტლერი შეთანხმებას არ უღალატებდა.
კაცმა არ იცის, რატომ ენდობოდა ასე მთავარ სისხლისმსმელ ნაცისტს საბჭოთა პროტეჟე იმ მოცემულობაში, როცა თვითონ, უახლოეს გარემოცვაშიც კი მტერს და მოღალატეს ხედავდა.
გენერლებთან თათბირის შემდეგ, სტალინმა სასწრაფო წესით 171 დივიზია (2.5 მილიონი ჯარისკაცი) გადაისროლა საზღვართან. ეს იმდენად სპონტანური და ქაოსური მანევრი იყო, რომ პირველივე შეტაკებაში, გერმანელებმა 600 000 სამხედრო ტყვე აიყვანეს.
საბჭოთა კავშირს, ამ დროისთვის, რესურსის უქონლობის გამო (თავად გერმანიას ამარაგებდა), მხოლოდ 20 000 ტანკი ჰყავდა, რომელთაგანაც, ომის დაწყების დღეს, მხოლოდ 12700 დაიქოქა. 19 533 თვითმფრინავიდან კი ორი მესამედი ლუფტვაფემ სამ დღეში გაანადგურა.
ეს იყო სრული კრახი და ომის უცოდინრობა, მაგრამ ერთპიროვნული მმართველობის გამო, საბჭოთა კავშირის ლიდერმა იხტიბარი არ გაიტეხა და საყოველთაო მობილიზების პირობებში 15 მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა.
„გადამწვარი მიწის“ სტრატეგიის, ჰიტლერის სიჯიუტის (ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა და სულელურად გამოუცხადა ომი ამერიკას), მეკავშირეების ერთსულოვნებისა (ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1941 წლის აგვისტოშივე საბჭოთა კავშირს მატერიალური დახმარება გაუგზავნა და ომის დასრულებამდე, ჯამში 400 000 მანქანა, 14 000 თვითმფრინავი, 8 000 ტრაქტორი და 13 000 ტანკი გაუგზავნა. ყველა იქოქებოდა) და რუსული ზამთრის წყალობით (აქაც საბჭოთა კავშირმა ამერიკისგან მიიღო: 1.5 მილიონი საბანი, 15 მილიონი თბილი ფეხსაცმელი, 107 მილიონი ტონა ბამბა, 2.7 მილიონი ტონა საწვავი, 5 მილიონი ტონა საჭმელი (საბჭოთა ჯარისკაცები ხუმრობდნენ, ჩვენი მეორე ფრონტი ამერიკული კონსერვის ხელში დაჭრისას იხსნებაო) და 118 ტრილიონი დოლარი დღევანდელი კურსით ფულადი დახმარება), მსოფლიო ნაციზმისგან გადარჩა.
დღემდე, ბევრს სჯერა, რომ ომი სტალინის გამჭრიახობამ და სამხედრო სტრატეგიის ცოდნამ მოიგო, მაგრამ რეალობა ოდნავ სხვანაირია. რომ არა მისი ახირებული ხასიათი და 1937 წელს განადგურებული ოფიცრობა, საბჭოთა კავშირი პირველივე შეტაკებისას 700 000 სამხედროს სიცოცხლეს გაუფრთხილდებოდა.
ამ ომმა საქართველოს მოსახლეობის 24-26 % შეიწირა. ჯამში, 190 000 ჯანმრთელი ახალგაზრდა. ასეთი პროცენტული მობილიზაცია არც ერთ სხვა რესპუბლიკას არ ჰქონია და ერი გენოციდის წინაშე დადგა, რადგან არ წყდებოდა ქართველების გადასახლება და დახვრეტაც.
ამბობენ, რომ სტალინი უამრავ წიგნს კითხულობდა, იყო ერუდირებული და გამჭრიახი კაცი, მაგრამ საკუთარი ახირებისთვის და შეცდომების არაღიარებისთვის შეეძლო ასობით ათასი კაცი მიწაში ჩაეწვინა.
ცნობილი მოარული გამოთქმა, რომელსაც სტალინს მიაწერენ: „ნიკოლოზს თვლით არ ჩაუბარებია ჩემთვის მოსახლეობა“, შეიძლება გამონაგონია, მაგრამ რეალურად ასახავს ადამიანის სიცოცხლის მიმართ დიდი დიქტატორის დამოკიდებულებას.
მაშინ, როცა მსოფლიო ტექნიკურ რესურსს ხარჯავდა და ადამიანურს უფრთხილდებოდა, სტალინის რეჟიმი ადამიანურ რესურსს ხარჯავდა და ტექნიკურს უფრთხილდებოდა.
ნავთობი არასოდესაა ზედმეტი, ადამიანი – კი!
გრიგოლ რობაქიძის წიგნში „სტალინი“ ასეთი ამბავია აღწერილი: ბავშვობაში ჩაფიქრებული სოსო ჯუღაშვილი წიწილამ დააფრთხო და ბიჭმა უნებურად დააბიჯა კიდეც. ფეხმოტეხილი წიწილა წივილით გავარდა და მომავალი ბელადი მას დაეწია და გასრისა „სულ ერთია, შენ აღარაფრად ვარგიხარ!“ იყო მისი სიტყვები.
სტალინმა მეკავშირეებისგან ფეხმოტეხილი გერმანია საბოლოოდ გასრისა, ეს ნამდვილად კარგად გამოსდიოდა ბელადს.
გურამ მეგრელიშვილი