„კამექს ეარლაინსმა“ კომერციული ფრენების უფლება ევროპაშიც მოიპოვა
„კამექს ეარლაინსის“ მიერ სლოვენიაში დაფუძნებულმა ავიაკომპანია – CAMEX ADRIA Airline-მა კომერციული ფრენების ნებართვა მოიპოვა და დღეიდან ჩვენს სლოვენიურ სატვირთო ბორტს უფლება აქვს განახორციელოს ევროკავშირში შიდა და საერთაშორისო კომერციული ფრენები, – ამის შესახებ „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ეს პირველი პრეტენდენტია, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ქართული ინვესტიციით და მენეჯმენტით შექმნილი ავიაკომპანია წარმატებით ასრულებს სერტიფიკაციის პროცესს და ევროკავშირის საავიაციო ბაზრის სრულუფლებიანი მოთამაშე ხდება.

“დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება, რომლისკენაც „კამექს ეარლაინსი“ თანმიმდევრულად და დასახული გეგმის შესაბამისად მიდიოდა, ახალი იმპულსის მიმცემი გახდება ერთის მხრივ ჩვენი კომპანიის და მეორე მხრივ, ქართული ავიაბაზრისთვის. ჩვენმა წარმატებამ აჩვენა, რომ ქართულ ავიაბიზნესს აქვს ამ საკმაოდ რთული „გამოცდის“ ჩაბარების და ევროკავშირის ავიარეგულაციების შესაბამისად ოპერირების პოტენციალი. და რა თქმა უნდა, ეს ახალი და პერსპექტივაზე გათვლილი სიტყვაა ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
გიორგი სეთურიძემ ასევე განმარტა, რომ ევროკავშირში კომერციული ფრენების განხორციელების უფლების მოპოვება ლოგიკური გაგრძელებაა ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტისა, რომელიც, თავის მხრივ, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის (ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance -ის ფინანსური მხარდაჭერით) წარმატებული მაგალითია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის, როგორც საავიაციო ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას.
„განსაკუთრებულად მახარებს ის ფაქტი, რომ „კამექს ეარლაინსის“ ევროპული წარმატება დროში დაემთხვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ დიდ აღიარებას, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჰქვია. ეს ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სიმბოლურია და გვჯერა, რომ ქართველი ხალხისთვის, ევროპული წარმატებების ახალი და უფრო დიდი ნიშნულები წინ არის“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.