განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევა 2022 წელს განახორციელა. მოკვლევის ჯგუფმა არსებული გამოწვევები შეისწავლა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციები გასცა. მოცემულ ეტაპზე რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობს.
თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებელი ბაია კვიციანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოკვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს.
ბაია კვიციანის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ. მისივე განცხადებით, რეკომენდაციების აღსრულების ვადები 3-დან 5 წლამდე პერიოდს მოიცავს.
ბაია კვიციანის განმარტებით, გარკვეული მიმართულებით ხელშესახები შედგები გამოიკვეთა, კერძოდ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე ბილინგური განათლების დანერგვისა და უმაღლესი განათლების საფეხურზე ქართულ ენაში მომზადების 1 წლიანი პროგრამის გაუმჯობესების კუთხით.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს მოამზადებს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრი, დეპუტატი როსტომ ჩხეიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.