ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილება და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა.
პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიციური ადამიანური რესურსის გაძლიერებით ჯანდაცვის მომსახურებების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, მათი საქმიანობის, თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს.
ცვლილებების მიღების შედეგად, განისაზღვრება საექთნო საქმიანობის ოთხი კონკრეტული მიმართულება, მათ შორის, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს „მეანი-ექთნის” გენდერულად ნეიტრალური სახელწოდების დამკვიდრებას, რომელიც კანონის ამოქმედების შემდეგ, არსებულ კანონქვემდებარე დოკუმენტებში ჩაანაცვლებს „ბებიაქალის” სახელწოდებას.
კანონს ემატება ახალი თავი, რომელიც არეგულირებს ექთნის და მეანი-ექთნის განათლებასა და საქმიანობას. პროფესიული საექთნო ან მეანი-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება მიენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ან სერტიფიკატის გარეშე საექთნო და მეანის საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს.