“40-ზე მეტი მძევალი ღაზას სექტორში სხვა დაჯგუფების ხელშია” – კატარის პრემიერი

კატარის პრემიერმინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ განაცხადა, რომ 40-ზე მეტი მძევალი ღაზას სექტორში სხვა დაჯგუფების ხელშია.

ამის შესახებ მან გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს თუ არა “ჰამასი” ცალკეული ბოევიკის ან სხვა დაჯგუფების მიერ დატყვევებული ათობით ქალისა და ბავშვის მოძებნას.

”თუ ისინი სხვა ქალებსა და ბავშვებს იპოვიან, ზავი გაგრძელდება. ჯერ არ გვაქვს მკაფიო ინფორმაცია, შეიძლება თუ არა მათი პოვნა, რადგან პაუზის ერთ-ერთი მიზანია, მივცეთ “ჰამასს” დრო, დანარჩენი დაკარგული ადამიანები იპოვონ”,- თქვა მან.

შეიხ მუჰამედმა თქვა, რომ ისრაელმა კატარს 90-ზე მეტი ქალის და ბავშვის სია მიაწოდა, რომელიც 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის დროს გაიტაცეს.

კატარის პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ ისრაელი მზად არის, გაახანგრძლივოს დროებითი ზავი, თუ იქნება მტკიცებულება, რომ “ჰამასს” ჯერ კიდევ ჰყავს ქალები და ბავშვები, რომლებიც უნდა განთავისუფლდნენ, მაგრამ “ჰამასის” ხელმძღვანელობას ამაზე მეტს ვერ დაჰპირდება.

მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, “ჰამასმა” 39 ისრაელელი ქალი და ბავშვი, ასევე, 18 უცხოელი გაათავისუფლა.

ისრაელმა კი ციხეებიდან 117 პალესტინელი ქალი და ბავშვი გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები