რატომ დარბიან თბილისის ზოოპარკში ჰიპოპოტამი ბეგი და მომვლელი ვოლიერის გასწვრივ? (ვიდეო)

თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგის მომვლელთან თამაშის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ზოოპარკის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნულს სოციალური „ენრიჩმენტი“ ჰქვია, რომელიც ზოოპარკის პირობებში ცხოველის ყოფის გამდიდრებას გულისხმობს.
„თუ მოკუნტრუშე სარდელის ნახვა გსურთ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ! აბა, თუ იცით, აქ რა ხდება? ააარა, არ გეგონოთ, რომ ჩვენი მოცლილი მომვლელი ვოლიერის გასწვრივ სირბილით ირთობს თავს. არც ის იფიქროთ, საბრალო, ღიპიან ცხოველს ტანჯავს და ქანცს აძრობსო. ამას ზოოპარკულ ენაზე სოციალური „ენრიჩმენტი“ ჰქვია.
„ენრიჩმენტი“ მეცნიერული ტერმინია, რომელიც ზოოპარკის პირობებში ცხოველის ყოფის გამდიდრებას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ ჩვენი ჰიპოპოტამი ბეგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე მოწიფული, უსერიოზულესი და ჭკუადამჯდარი მამაკაცია, აუცილებელია თამაში, გართობა და გახალისება (პრინციპში, ამ ყველაფერზე არც ადამიანი მამაკაცები ამბობენ უარს). აბა, ფეხბურთს და კალათბურთს ეს არ თამაშობს, ძმაკაცებთან ერთად ლუდის დასალევად არ დადის, არც ცოლი ჰყავს ჯერჯერობით და არც შეყვარებული. ხოდა იმისთვის, რომ არ მოიწყინოს, დეპრესიაში არ ჩავარდეს და მოჭარბებული ენერგია ვოლიერში რაღაცების მტვრევას არ დაახარჯოს, ამგვარად ვართობთ. ძალიანაც მოსწონს და მისი მძიმე წონისთვის უჩვეულოდ ჰაეროვნადაც დაცუნცულებს ცუნცულა ბეგი“, – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oJlS7zvJaAg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები