“ოჯახი ვითხოვთ მკვლელების გადმოცემას და სასტიკად დასჯას” – თამაზ გინტურის ძმა

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი (ნიკოლოზ) გინტური აცხადებს, რომ ოჯახი მისი ძმის მკვლელების დასჯას ითხოვს.

„ჩემს ძმას, თამაზ გინტურს დაზარალებულის სტატუსი მისცეს. მივდივარ გამომძიებელთან. ჯერ არ ვიცი, გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ ვიცი, რომ მკვლელმა დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი 2 ადამიანზე საუბრობდა. მგონი, საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება, ვინ არიან მკვლელები. ოჯახი ვითხოვთ გადმოცემას და სასტიკად დასჯას.

უნდა გაასამართლოს ჩვენმა მთავრობამ, მაგრამ… ხელისუფლება რას ამბობს და რას არა, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ჩემს ძმას ჩაუსაფრდნენ და დაცხრილეს. მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას“, – განაცხადა გივი გინტურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ გინტური კირბალში 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები