“აფხაზეთის მთებში შეიარაღებული პირების ძებნა გრძელდება” – შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ ე.წ. რესპუბლიკის მთებში შეიარაღებული პირების ძებნა გრძელდება.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-ს უთხრა.
“ძებნა გრძელდება. უსაფრთხოების ძალები კოორდინაციაში არიან, ამოწმებენ ინფორმაციას”, – თქვა შამბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის მთებში, დაახლოებით, გულრიფშის რაიონის მახლობლად, 7-კაციანი დივერსანტების ჯგუფს ეძებენ, რომელიც ამერიკული ავტომატებით – მ4- და მ16-ით არიან შეიარაღებული, მათ გააჩნიათ დრონიც და მათი მიზანი სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობაა.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს ე.წ. შსს ადგილობრივმა მონადირეებმა, რომლებმაც “ეს ჯგუფი ნახეს”.
ტერიტორიის შემოწმების შემდეგ, უკვე გამთენიისას გავრცელდა ცნობა, რომ “დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია მცდარია”.
მანამდე, პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა ტელეგრამში ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც მას, როგორც თავად ამბობს, აფხაზეთის ე.წ.თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ ე.წ. რესპუბლიკაში “საქართველოდან 50-კაციანი დივერსანტების ჯგუფი შევიდა”, თუმცა, მოგვიანებით მისი გვერდიდან ეს ცნობა წაიშალა.
ადგილობრივ სოციალურ ქსელებში დივერსანტების სამძებრო ოპერაცია ქილიკის საგანი უკვე გახდა.