“ჰამასსა” და ისრაელს შორის ომის დაწყებიდან, მედიის 31 წარმომადგენელი დაიღუპა – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი
ჟურნალისტთა დაცვის ამერიკული კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ომის 24 დღის განმავლობაში მედიის 31 წარმომადგენელი დაიღუპა.
CPJ-ის თანახმად, მედიის დაღუპულ მუშაკებს შორის იყო 26 პალესტინელი არაბი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი.
კომიტეტის ცნობით, პალესტინელების აბსოლუტური უმრავლესობა დაიღუპა სახლში ისრაელის საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად.
შვიდი დაღუპული პალესტინელის შესახებ მოკლე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინი მუშაობდნენ “ჰამასთან” დაკავშირებულ მედიაში.
ოთხივე ისრაელელი 7 ოქტომბერს “ჰამასის” ბოევიკების ქმედების შედეგად დაიღუპა, მათგან ერთი დაღუპვის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
დაღუპულთა შორის არის Reuters-ის ლიბანელი ოპერატორი – ისამ აბდალა, რომლის ცხედარი ლიბან-ისრაელის საზღვართან არის ნაპოვნი.
ასევე, CPJ-ის ცნობით, ომის 24 დღის განმავლობაში მედიის რვა თანამშრომელი დაშავდა, კიდევ ორი დაკარგულად მიიჩნევა.