ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2016 წელს “ჰამასის” შესაძლო თავდასხმის შესახებ 11-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა
ისრაელის გამოცემა Yedioth Ahronoth-მა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის მიერ 2016 წელს მომზადებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც “ჰამასის” შესაძლო თავდასხმაზე იყო საუბარი.
კერძოდ, 2016 წელს ავიგდორ ლიბერმანმა 11-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც საუბარია “ჰამასის” გეგმებზე ღაზას საზღვრის გარღვევის; ისრაელის სამხრეთით დასახლებების დაკავების; ხოცვა-ჟლეტის და მძევლების აყვანის შესახებ.
The Times of Israel წერს, რომ დოკუმენტი 7 ოქტომბრის მოვლენებს ასახავს და მიუთითებს იმაზე, რომ “ჰამასის” თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ ისრაელის ოფიციალური პირებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა, სავარაუდოა, რომ ასეთი ცნობები სერიოზულად არ მიიღეს.
7 ოქტომბერს დაახლოებით 2500 ტერორისტი ისრაელში ხმელეთით, ზღვითა და ჰაერით შეიჭრა და 1400-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე, საკუთარ სახლებში და ღია ცის ქვეშ მუსიკალურ ფესტივალზე მოკლა. “ჰამასმა” და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა ღაზას სექტორში, სულ მცირე, 239 მძევალი გადაიყვანეს, მათ შორის დაახლოებით 30 ბავშვია.
ლიბერმანს დოკუმენტში ეწერა, რომ „ჰამასი” აპირებს კონფლიქტის გადატანას ისრაელის ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით გაწვრთნილი ძალების გაგზავნით, ეცდება ღაზას საზღვარზე ისრაელის კიბუცი, ან შესაძლოა, რამდენიმე კიბუცი დაიკავოს და მძევლები აიყვანოს. ადამიანებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გარდა, ეს ასევე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისრაელის მოქალაქეების მორალსა და გრძნობებს“.
28 ოქტომბერს ლიბერმანმა ინტერვიუში თქვა, რომ დოკუმენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 2016 წლის დეკემბერში გადასცა და გააფრთხილა, რომ “ჰამასი” ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც 7 ოქტომბერს, თუ მისი შესაძლებლობები არ იქნება დაშლილი.