“ზელენსკი ისრაელში, სავარაუდოდ, “მალე ჩავა” – უკრაინაში ისრაელის ელჩი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელში შესაძლოა, “მალე” ჩავიდეს.
უკრაინაში ისრაელის ელჩ მიხეილ ბროდსკის თქმით, ზელენსკი ისრაელში სასურველი სტუმარია, თუმცა, ოფიციალური თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
ამის შესახებ მან Ynet-თან თქვა.
დიპლომატმა უარყო ჭორები, რომ ღაზას სექტორში ბრძოლებთან დაკავშირებით ისრაელი ზელენსკის “არ ელოდება”.
მისი თქმით, ასეთი სიგნალები გაკეთებული არ ყოფილა, რადგან კიევს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებია.
„უკრაინაში გაგზავნილია შეტყობინებები, რომ მას შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩავიდეს ისრაელში და მჯერა, რომ ის იქ მალე ჩავა”, – თქვა დიპლომატმა.
ელჩის თქმით, ”უკრაინა არის ევროპაში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც პალესტინელების ან “ჰამასის” მხარდასაჭერად დიდი დემონსტრაციები არ ყოფილა”.
ოქტომბრის დასაწყისში, ბრიუსელში ვიზიტის დროს ზელენსკიმ ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ისურვებდა ქვეყანაში ჩასვლას, რათა ეჩვენებინა ისრაელელი ხალხისთვის, რომ უკრაინა მათთან „სოლიდარულია“.
მან მსოფლიო ლიდერებს ისრაელში ჩასვლა და იმ ადამიანების მხარდაჭერა ურჩია, რომლებიც “ტერორისტულ თავდასხმას განიცდიან”.
Ynet-მა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელისა და უკრაინის დიპლომატებს შორის ზელენსკის მოახლოებული ვიზიტის შესახებ კონტაქტები დაიწყო.