მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო მე-5 კლასიდან გახდა

სკოლის მიერ არჩეული მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო მე-5 კლასიდან გახდა, ნაცვლად მე-7 კლასისა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მისი თქმით, დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტის რევიზია, შესაბამისად, დაწყებითი საფეხურებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება.
ლია გიგაურის ინფორმაციით, განისაზღვრა სადამრიგებლო საათის თემატიკა დაწყებით კლასებში და ის ორიენტირებული გახდა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე. საბაზო საფეხურზე სადამრიგებლო საათი კი კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის უნარების განვითარებას დაეთმობა. მისივე განმარტებით, სექტემბრიდან საშუალო საფეხურზე მეწარმეობის კურსის პილოტირება დაიწყება 100 საჯარო სკოლაში. გარდა ამისა, განისაზღვრა დამრიგებლის მშობელთან ურთიერთობის სავალდებულო ფორმატი და შინაარსი, ასევე ამოქმედდება მშობლების განათლების პროგრამა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, უკვე სრულდება 400-მდე სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება 2 ახალი სკოლის მშენებლობა, წლის ბოლომდე კი 6 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში. წელს კი 8 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. სასკოლო ავტობუსები მოემსახურება 1000-ზე მეტ სკოლას, საერთო ჯამში კი ტრანსპორტის მომსახურებით 53 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. გარდა ამისა, სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში სამედიცინო კაბინეტი ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები