ბაჩო დოლიძე: ლევან ხაბეიშვილს რთული პერიოდი ელოდება, იქნება მისი ჩანაცვლების მცდელობები
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ბაჩო დოლიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს “რთული პერიოდი” ელოდება.
მისი თქმით, იქნება ხაბეიშვილის ჩანაცვლების მცდელობები. თუმცა, თუ ვინ ჩაანაცვლებს ლევან ხაბეიშვილს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ლევანს რთული პერიოდი ელოდება, განსაკუთრებით – რამდენიმე თვე, მისი ჩანაცვლების მცდელობები ნამდვილად იქნება, ოღონდ არ ვიცი, ვინ იქნება მისი ჩამნაცვლებელი. ბევრის თვალში და სწორედ იმ ადამიანების თვალში, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, ლევანმა შეასრულა თავისი ფუნქცია და უკვე დროა, გვერდზე გავიდეს. ეს ჩანს და აშკარაა. რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს, არ ვიცი. ვინ მოიაზრება მის შემცვლელად, არ ვიცი, სპეკულაციებში არ შევალ. აბსოლუტურად ველოდები, რომ შიგნიდან როგორც მელიაზე იყო აგორებული შავი პიარი, მათ შორის მასზეც იქნება. იქნება, რადგან ყველაზე მეტად ლევანი უშლის ბევრ ადამიანს და მოსალოდნელიც იყო, მან იცოდა, რასაც აწერდა ხელს. რაც შეეხება ნიკას, არ მქონია მასთან საუბარი, ვიცი საჯარო პოზიციები, რომ მისთვის მიუღებელია ის ფორმა, რომელიც დღეს არის. შესაბამისად, არც მე ვარ ახლოს იმასთან, რომ ნიკას მართვა შესაძლებელია. შეიძლება, სურვილი ბევრს ჰქონდეს, მაგრამ მარტივი ამბავი არ მგონია“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.