მაია ბითაძე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 37-ე შეხვედრას დაესწრო, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს.

პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაფალდა დუარტემ გახსნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში ეხმარება. საქართველოში, შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ასევე, საქართველო ჩართულია GCF-ის რეგიონულ პროექტებშიც.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში იმართება. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან 2016 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა მაფალდა დუარტემ.

თბილისში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან: აშშ-ის, პაკისტანის, გერმანიის, იტალიის, კანადის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დანიის, არგენტინის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იაპონიის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები