დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობის“ გარშემო განვითარებული მოვლენები თურქულ თუ მექსიკურ სერიალს დაემსგავსა
„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო განვითარებული მოვლენები თურქულ თუ მექსიკურ სერიალს დაემსგავსა. სერიალს ნამდვილად დაემსგავსა, ოღონდ მდარე ხარისხის შინაარსით აღჭურვილს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლიდან ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად ვეღარ იქნება.
“ეს არის პოლიტიკურად მომაკვდავი პოლიტიკური ჯგუფის ბოლო ქრონიკა, რომელიც სავსე იქნება მსგავსი მოცემულობებით. ნიკა მელიას გააგდებენ პარტიიდან და ის არ წავა. ხაბეიშვილს დანიშნავენ პარტიის თავმჯდომარედ და სინამდვილეში, არაფრის გამკეთებელი არ არის, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა, კეზერაშვილისგან მიიღებენ ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვ შავ ფულს, ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის პოლიტიკურ სამარესთან კიდევ უფრო აახლოებს. ამ პოლიტიკური სამარის გაფორმება მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე მოვლენამ, ფაქტმა თუ სიტუაციამ რაიმე ფორმით აუწიოს რეიტინგი. პოლიტიკური გარდაცვალების პროცესი დასრულებულია და მისი საბოლოო მდგომარეობაში გადასვლა ხდება, რომელსაც პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობა ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლიდან ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად ვეღარ იქნება და ეს თვითონ ძალიან კარგად იციან. რა გადაადგილებაც უნდა მოახდინონ, შედეგს ვერ მოიტანს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.