გურამ მაჭარაშვილი: რაც მურმან დუმბაძემ თქვა, რომ ყველას მარჯვენა გაუხმება ხუთიანის შემოხაზვაზეო, ასე გაუხმება ენა ყველას კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ თქმაზე
“ის, რაც მურმან დუმბაძემ თქვა, სამწუხაროდ, არ არის ახალი, ოპოზიციის ბევრ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი არის მიუღებელი”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის “ფეისბუქ” პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ იბრძვის.
“უბრალოდ, მურმან დუმბაძემ ეს უფრო ლაკონიურად თქვა და გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მიზნები, რომ ისინი უკვე იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ.
რაც ბატონმა მურმანმა თქვა რამდენიმე წლის წინ, რომ ყველას მარჯვენა გაუხმება ხუთიანის შემოხაზვაზე, ასე გაუხმება ენა ყველას კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ თქმაზე. ეს შევახსენოთ ბატონ მურმანს, რადგან ის ახლა იმ ბანაკშია, რომელიც ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. შესაბამისად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ხუთიანის შემომხაზავს გაუხმება ხელიო, ახლა ყველას გაუხმება ენა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ მთქმელს. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყოს, რადგან ცოტა ხანში თავისიანებიც არ დაზოგავენ და იტყვიან, რომ ეს არ არის ჩვენი ადამიანი და გვერდით გაწიეთო”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია! რაც იქნება კატასტროფა!“.