ალექსანდრე ჭიკაიძე: ვიხელმძღვანელე საზოგადოების დაკვეთით და პოლიციური კონტროლი განვახორციელე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიციური კონტროლის საკითხზე საუბრობს. როგორც შს მინისტრი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, პოლიციური კონტროლი საზოგადოების დაკვეთით ხორციელდება, რაც დროულია. მისივე თქმით, ტენდენციურმა ძალებმა შექმნეს განწყობა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, რითაც სამინისტროს იმიჯის შელახვა სურთ.
„მე საზოგადოების დაკვეთის გარეშე არ ვმოქმედებ, ჩემი ინიციატივით არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ საქართველოს მოსახლეობას უხერხულობა შევუქმნა, ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელე საზოგადოების დაკვეთით და განვახორციელე პოლიციური კონტროლი, რაც ძალიან დროული იყო, გარკვეულმა ტენდენციურმა ძალებმა შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, ასეთი ტიპის სპეკულაციებით შეეცადნენ სამინისტროს იმიჯის შელახვას. მე მოვთხოვე ჩემს თანამშრომლებს, რომ ყველა კანონდარღვევაზე მოახდინონ ადეკვატური რეაქცია“, – აღნიშნავს შს მინისტრი. გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალუი მოძრაობა“ აპირებს პოლიციის სისტემიდან სახელმწიფოს რღვევა მოახდინოს, ციხის სკანდალურ კადრების საპირწონედ დადონ მძიმე კადრები, რისთვისაც პოლიციელთა რიგებში ეძებენ პირებს, ვინც მათ ბინძურ სცენარს შეასრულებს. ჟურნალისტი დაინტერესდა, აღნიშნული სცენარის თავიდან ასაცილებლად, როგორ დაიზღვევს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როდესაც უწყებაში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კადრები? აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა იყვნენ პირები, ვინც აღნიშნულ პროვოკაციაზე წავლენ, თუმცა ის ასეთ პირს დანაშაულს და დანარჩენი თანამშრომელბის იმიჯის შელახვას არ აპატიებს. „შესაძლოა, ვიღაცები იყვნენ, ვინც ამ პროვოკაციაზე წავა, სამწუხაროა, თუკი ასეთ სიბინძურეზე ვინმე ხელს მოაწერს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონი არის უზენაესი და თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, ის უმკაცრესად დაისჯება. მე მაბარია 42 ათასი პოლიციელის ბედი, თუკი აქედან ერთი ადამიანი აღმოჩნდება ისეთი, ვინც ამ დანაშაულის პროვოცირებაზე წავა, მას არ ვაპატიებ, რომ დანარჩენი თანამშრომლების იმიჯი შელახოს. ჩვენ შევისწავლეთ ფაქტები და ვიცით, რომ იყვნენ თანამშრომლები, ვინც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ და პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ბედით თამაშობდნენ. თითოეულ თათბირზე ჩემს თანამშრომლებს მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრები მიდიან და მოდიან, პოლიციელები კი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე რჩებიან. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მე ვარ ლოიალური და ადამიანური, მაგრამ ჩემმა თანამშრომლებმა კარგად იციან, როცა საქმე ეხება სამშობლოს ინტერესებს, და თუკი ამ გზიდან ვინმე გადაუხვევს, აქ ვარ ძალიან მკაცრი“ , – აცხადებს ჭიკაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები