პაატა გიგაური: თუ კონფლიქტში “ჰესბოლას” მსგავსი პროქსიძალების გარდა, ისეთი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, როგორიც ეგვიპტე, აშშ, იორდანია ან ირანია, ჩათვალეთ, რომ მე-3 მსოფლიო ომი დაიწყება

“ომი ყოველთვის პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების გამო იწყება. დღემდე განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა “ჰამასის” თვითშემოქმედება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ირანის აგრესიული ნაწილი ანუ შიიტები უჭერდნენ მხარს”, – ამის შესახებ სამხედრო ისტორიის მკვლევარი პაატა გიგაური ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ ესკალაცია მოხდება და კონფლიქტში “ჰესბოლას” მსგავსი პროქსიძალების გარდა, ისეთი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, როგორიც ეგვიპტე, აშშ, იორდანია ან ირანია, ჩათვალეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.

“დიახ, ეს არ იყო დიდ მოთამაშეებთან შეთანხმებული მოქმედება, “ჰამასმა” გააკეთა ის, რასაც ბოლო 50 წლის განმავლობაში აკეთებს – დაარტყა ისრაელს, შემდეგ უკან დაიხია და მსოფლიოს აცოდებს თავს, მჩაგრავენო. ეს სამხედრო თავდასხმა კი არა, აგრესიული აქტი იყო, ამასთან, დროც ვერაგულად იყო შერჩეული. 7-კვირიანი დღესასწაული იწყებოდა, შაბათი დღე იყო და ისრაელელების დიდ ნაწილს მობილური ტელეფონებიც გათიშული ჰქონდა. ისრაელმა ბოლო საომარი მდგომარეობა სამოცდაათიან წლებში გამოაცხადა, სხვათა შორის, მაშინაც შაბათი დღე იყო. ლოგიკურია, რომ ისრაელის პასუხი შესაბამისია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება დიდ სახელმწიფოებს შორის, დღეს ახალი ესკალაცია არავის არ უნდა სჭირდებოდეს. თუ ესკალაცია მოხდება და კონფლიქტში “ჰესბოლას” მსგავსი პროქსიძალების გარდა, ისეთი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, როგორიც ეგვიპტე, აშშ, იორდანია ან ირანია, ჩათვალეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ისრაელს გადაწყვეტილი აქვს “ჰამასის” განადგურება, მისი სამხედრო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა. გამორიცხულია, რომ ამაზე უარი თქვან. ამდენი ებრაელი ერთად ჰოლოკოსტის შემდეგ არ დაღუპულა, შესაბამისად, პასუხიც ადეკვატური იქნება… რაც შეეხება “რუსულ კვალს” – “ჰამასს” “ვაგნერი” არაფერში სჭირდება, მათზე არანაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, ხოლო რუსული საუბარი, სულაც არ არის გამორიცხული, დადებული ხმა იყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისრაელში დაახლოებით 2 მილიონი კაცი რუსულენოვანია. ირანთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე რუსებს შეიძლება ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ამის იქით საგულისხმო არაფერი ჩანს. ჯერ ისეთი ვითარება არ არის, რომ რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება აწყობდეს. კრემლში მშვენივრად იციან, რომ მესამე მსოფლიო ომი ნიშნავს ბირთვულ დაპირისპირებას, ბირთვულ დაპირისპირებაში კი გამარჯვებული არ არსებობს. სინამდვილეში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლა იყო მესიჯი, რომ მოსკოვი მზად არის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ბირთვული იარაღი. რუსებმა ადრევე ჩაწერეს თავდაცვის კონცეფციაში, რომ თუ მათ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, უფლებას იტოვებენ, გამოიყენონ ბირთვული იარაღი. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბირთვული იარაღი მცირემუხტიანიც არის და დიდმუხტიანიც. მცირემუხტიანი ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია საარტილერიო საშუალებებითაც, 203-მილიმეტრიანი თვითმავალი ქვემეხიდან შეიძლება მისი გასროლა. ამ ტიპის ბირთვულ იარაღს შეუძლია დაახლოებით ბრიგადის დონის ქვედანაყოფის მწყობრიდან გამოყვანა ანუ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ბირთვული იარაღის გამოყენება, რომელსაც მთლიანი ქალაქის ან ქვეყნის განადგურება შეუძლია, დედამიწაზე სიცოცხლის დასასრულს ნიშნავს, რაც რუსეთს არ აწყობს. ტაქტიკურ იარაღსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ უკრაინის ფრონტზე რუსული არმია ჩამოშლას დაიწყებს, დაკარგავს ყირიმს ან დონბასს, ისიც შესაშინებლად, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას უკრაინა. ამის გამო ამერიკა მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს, იქნება სანქციები… მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას? რას მიიღებს ამერიკა ამით? ყველა ომს ერთი სახასიათო მანიშნებელი აქვს – ომის დამწყებს სურს მიიღოს უკეთესი მშვიდობა. ბირთვული იარაღის გამოყენება უკეთეს მშვიდობას კი არა, დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებას ნიშნავს. ბირთვული იარაღი დიდი ომების პრევენციისთვის გამოიგონეს, ჯერ ეს ამართლებს, შემდეგში ვნახოთ. ფსონი მაღალია. ბევრი იმუქრება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, აღარავინ არაფერს აკეთებს. მსოფლიოში დღევანდელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ახალი გადანაწილებაა დაწყებული, მსოფლიო ახლებურად ლაგდება. ახლებურად გადანაწილება ხდება მაშინ, როდესაც რაღაც მიზეზით ერთი ეპოქა მთავრდება. არა აქვს მნიშვნელობა, მიზეზი ომები იქნება თუ სხვა გამოუვალი სიტუაცია. მსოფლიო ახლებურად გადანაწილდა პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ასევე მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდებში. ახლებურად გადანაწილდა მსოფლიო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც. ის, რაც ახლა ხდება, მიუთითებს, რომ რუსეთი არსებული წესრიგით კმაყოფილი არ არის და 90-იანი წლების მდგომარეობის აღდგენას ცდილობს. კრემლის მთავარი სამიზნეა უკრაინა, ბელარუსი, კავკასია და შუა აზია. პუტინმა გასაგებად თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა წინა საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ახლა თავი ამ კატასტროფის გამომსწორებლად წარმოუდგენია. უკრაინისა და ბელარუსის გარეშე საბჭოთა კავშირის აღდგენა ვერ დაიწყება, სამივე ქვეყანა საჭიროა რესტავრაციისთვის. პუტინმა კი თქვა, რომ ომის დაწყების მიზეზი ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლაა, მაგრამ ამასობაში ფინეთი შევიდა ნატოში და შვედეთიც ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი მოსკოვთანაც ძალიან ახლოს არის და პეტერბურგთანაც, პუტინს ეს არ ადარდებს, მისი მთავარი პრობლემა მაინც უკრაინაა – ანუ ნატოს მოახლოება მხოლოდ საბაბი იყო. ნატო ისედაც ძალიან ახლოსაა უკვე, მაგრამ ამას მარცხად არ აღიქვამს, არ იმჩნევს ამ ამბავს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ნატო არ ანაღვლებს, საბჭოთა კავშირის აღდგენაა მისი იდეფიქსი. ახლა უკრაინაში “გაიჩხირა”, ბელარუსიც ვერ ჩართო ომში. ლუკაშენკომ ტერიტორია კი გამოაყენებინა, მაგრამ თავისი არმია არ ჩართო ბრძოლებში. ამ მოცემულობას ახლა დაემატა “ჰამასის” გამოხდომა, რომელმაც უფრო დაძაბა სიტუაცია წინა აზიაში. მსოფლიო ლიდერებს ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ და ახლა მათ არაფერში სჭირდებათ დამოუკიდებელი მოთამაშეების გამოხდომები. არა მგონია, მაგრამ თუ “ჰამასის” მოქმედება დიდი თამაშის შემადგენელი ნაწილია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში ჩინეთიც უნდა ჩაერთოს, იქიდან კი მსგავსი არაფერი ჩანს. რაც შეეხება ირანისა და თურქეთის განცხადებებს, ყველა თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს. რა თქმა უნდა, ირანმაც და თურქეთმაც იციან, რომ მათი ჩართვა ამ ომში მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. ამიტომ მუქარიანი განცხადებებით შემოიფარგლებიან. პალესტინა თურქეთის შემადგენლობაში საუკუნეების განმავლობაში შედიოდა. ერდოღანმა ძალიან კარგად იცის, იქ რა და როგორ ხდება, უბრალოდ, თავისი განცხადებებით შიდა ელექტორატზე მუშაობს. ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა, რომ დიდი ომისთვის დღეს არავინ არის მზად, ამ ომმაც ცხადყო, რომ არც ისრაელი, არც რუსეთი და არც დასავლეთი არიან მზად. მეორე მსოფლიო ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება, ახლა ყველაფერი პირიქით იყო – დიდი ქვეყნები ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ალაგებდნენ, რაში სჭირდებოდათ ომი? ახლა “ჰამასი” მაქსიმალურად ეცდება მსოფლიოს დამოუკიდებლობა გამოღლიტოს. ისრაელმა იმხელა დანაკარგი და პრესტიჟული დარტყმა მიიღო, რომ ძალიანაც რომ უნდოდეს, ამ ყველაფერს ვერ ჩაატარებს. როგორ დამთავრდება ეს ამბავი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იმოქმედებს ისრაელი. რეალობა რთულია და ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები. რეგიონის პატარა მოთამაშეებს, ისრაელსა და “ჰამასს” თავიანთი ინტერესები აქვთ, დიდ მოთამაშეებს – ამერიკას, ირანს, ჩინეთსა და ევროპას თავისი”,- განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები