პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის“ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რატიფიცირდეს 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ ითვალისწინებს „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას.

დოკუმენტის თანახმად, ე.წ. მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, „შეთანხმდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების თანდათან გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე“.

პუტინის თქმით, დოკუმენტი აუმჯობესებს ხელშეკრულებით-სამართლებრივ ბაზას და მიზნად ისახავს როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სოციალური საკითხების მოგვარებას, ისე „მხარეებს“ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები განვითარების ახალ დონეზე აჰყავს”.

გაგლოევი მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩავიდა და 9 მაისს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები