შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ვიზიტზე: ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან მექნება შეხვედრა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს.

„საუბარი შეეხება ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით. ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე. საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა სლოვაკეთში ცოტა ხნის წინ.

ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. მნიშვნელოვანი არის, რომ იმ პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, ჩვენმა მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებას აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებაში.

„საბედნიეროდ სლოვაკეთის ხელისუფლებას ჩვენ ვაკვირდებით, რომ აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებაში და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის პარლამენტთან გვქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ მათ სხვა კოლეგებთანაც მიიტანონ ის სწორი საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება დღეს თავად ევროკავშირს და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს“, – განმარტა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები