საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებაზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა და ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები იყო და რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია.
მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახადა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. ფისკალური კონსოლიდაციის შემდგომ, 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსების ზრდა განხორციელდა თითქმის ყველა მიმართულებით. 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო შემოსავლების გეგმამ 18,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა მშპ-ს 2,8%-ის ოდენობით.
მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, მანამდე არსებული 5%-ის ნაცვლად. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და, ამავდროულად, შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებით დაფინანსება ეზრდება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სახალხო დამცველის აპარატს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მუნიციპალიტეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები