„მდუმარე ქალაქები“ – ვერა ფაღავას გამოფენა გაიხსნება
23 სექტემბერს, 18:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე ვერა ფაღავას გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების არიან: „თიბისი“ და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია (AC/VP). მათივე ინფორმაციით, ქართული წარმოშობის ფრანგი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ნახატები იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.
„ვერა ფაღავა დაიბადა საქართველოში, თბილისში, 1923 წელს კი ოჯახთან ერთად გადასახლდა მონრუჟში, პარიზის შემოგარენში. მან თავდაპირველად კარიერა დაიწყო როგორც ფიგურაციულმა მხატვარმა. მუშაობის დროს იყენებდა სხვადასხვა მედიუმს: ზეთს ტილოზე, გრაფიკას, გუაშსა და აკვარელს ქაღალდზე, ვიტრაჟებს, დიზაინს ქსოვილზე. გამოფენაზე წარმოდგენილია 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შესრულებული ნამუშევრები. ვერა ფაღავას შემოქმედებაში ესაა გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე. მისი შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ „ქალაქებს“, როგორც „მდუმარე არქიტექტურას“, ამ მოტივს მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა შემდგომ წლებში. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ფიგურაციას სცილდებოდა, ის ხშირად არქმევდა მათ რეალური ადგილებისა და ქალაქების სახელწოდებებს.
„გამოფენაზე წარმოდგენილია AC/VP კოლექცია და, ასევე, ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელი იხილავს ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ერთ დროს გალერეა „დარიალში“ იყო გამოფენილი. გალერეა „დარიალის დამფუძნებლის თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში ვერა ფაღავას ქალაქების სერია (დაახლ. 1976 წ.).
გამოფენა, ამავდროულად, გვაცნობს ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტოებსაც, რომლებიც წარმოაჩენს ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დაკვეთებს.
გამოფენა „მდუმარე ქალაქები“ გვამცნობს სახელოვნებო წიგნებს, რომლებიც პოეტსა და გამომცემელთან, პიერ ლეკიუირთან თანამშრომლობით შეიქმნა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი მრავალ პროექტზე მუშაობდნენ ერთად. მათ შორის იყო „პასარგადები“ (1977) და „მეტაფიზიკური ლექსები“ (1978). თითოეული ამ პუბლიკაციისთვის ვერა ფაღავამ შექმნა ქსილოგრაფიები და მშრალი ნემსით შესრულებული გრავიურები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამებოდა ლეკიუირის პოეტურ კომპოზიციებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია გამომცემლობა Kona Books-ის პუბლიკაცია, რომელიც შეიქმნა ტიმურ ახმეტოვის დიზაინით. ეს წიგნი გვაცნობს ნინა ახვლედიანის ესეის „წერტილ-წერტილ“ და პიერ ლეკიუირის ლექსს, რომელიც მან ვერა ფაღავას მიუძღვნა 1972 წელს. წიგნში ასევე შესულია ვერა ფაღავას ჩანახატები, AC/VP არქივებიდან ამოკრებილი ნიმუშები და კანადელი ავტორისა და პოეტის, ლისა რობერტსონის ესეის – „შფოთვის“ ქართული თარგმანი. ლისა რობერტსონის პროზაული კომპოზიციების კვლევის საგანი ხშირად არის ფილოსოფიური, სახელოვნებო და ენობრივი ცნებები, საგანგებო აქცენტით არქიტექტურასა და ქალაქებზე. მისი პოეზია და პროზა ერთნაირად ეხება არქიტექტურასაც – როგორც სივრცეს და სტრუქტურას – იმისათვის, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს კონცეპტუალურ აზროვნებასა და ხელშესახებ არსებობას შორის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვერა ფაღავას ნამუშევრები ინახება კერძო და საჯარო კოლექციებში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და კოლმარის უნტერლინდენის მუზეუმი. მისი ნამუშევრებისა და არქივების უმეტესობას ფლობს და განაგებს Association Culturelle Vera Pagava – AC/VP.
ვერა ფაღავა წარმოდგენილია ბოლო მონოგრაფიებსა და გამოფენებში, მათ შორის Elles font l’abstraction, Pompidou Center-ში, თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, პარიზი (2021) და გუგენჰაიმის მუზეუმში, ბილბაო (2021) და „50-იანი წლების ქალები აბსტრაქციით, ფერწერითა და ქანდაკებით“ (Femmes, années 50: au fil de l’abstraction), Museé Soulages Rodez-ში (2019).
გამოფენის კურატორია: ნინა ახვლედიანი.
ფოტო: ვერა ფაღავა, „ქალაქი“ (Ville, 1956), საავტორო უფლებას ფლობს ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია – AC/VP.