ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დიმიტრი უზნაძის გამოფენისთვის ემზადება

დიმიტრი უზნაძის, როგორც უდიდესი მეცნიერის ღვაწლის წარმოსაჩენად, ბოლო 40 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მაინც ვფიქრობ, რომ მისი, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ფსიქოლოგის, უზარმაზარი სამეცნიერო მემკვიდრეობა ისე არ არის შეფასებული, როგორც ამას იგი ჭეშმარიტად იმსახურებს. განა შეიძლება თბილისში არ იყოს მისი მუზეუმი, ან თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას არ იდგეს მისი ძეგლი? უნივერსიტეტის ეზოში მდებარე მის საფლავზე აღმართული ბიუსტი არ არის საჯარო ქანდაკება, ეს მხოლოდ საფლავის ორდინარული ძეგლია. ამიტომ არის გამოსაცხადებელი კონკურსი მის ქანდაკებაზე და გამარჯვებული ნამუშევრისთვის ადგილის მიჩენა დედაქალაქის ცენტრში.
მახსოვს სტუდენტობისას თემას ვწერდი – „მიხეილ ჯავახიშვილი და თეატრი“ და მომიწია შეხვედრამ ქეთევან ჯავახიშვილთან, გენიალური მწერლის უფროს ქალიშვილთან. იმხანად დიმიტრი უზნაძე ჯერ კიდევ ჩვეულებრივ სასაფლაოზე განისვენებდა, მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გადმოასვენეს უნივერსიტეტის ეზოში, როგორც მისი ერთ-ერთი დამაარსებელი.
სიტყვა ჩამოვარდა ფროიდის ფსიქოლოგიის გავლენაზე მიხეილ ჯავახიშვილის ადრეულ მოთხრობებში. ფროიდზე საუბარი ქალბატონმა ქეთევანმა დიმიტრი უზნაძით გააგრძელა და მითხრა, მე შეიძლება ვერ მოვესწრო მის აღიარებას, მაგრამ მისი სახით ჩვენ გვყავს მსოფლიო ღირებულების მკვლევარი, დადგება დრო, როდესაც მას ფროიდთან, იუნგთან და ფსიქოლოგიის სხვა კოლოსებთან ერთად მოიხსენიებენო. და საერთოდ, დასძინა მან, მეოცე საუკუნის საქართველოს გალაკტიონის, სანდრო ახმეტელის და დიმიტრი უზნაძის სახით ჰყავს სამი საერთაშორისო მასშტაბის გენიოსი, ვის სახელს დრო უფრო მაღალ პიედესტალზე დააყენებსო. ამ ნათქვამს დასძინა ისიც, რომ ჩვენ გვყავს გახმაურებული მეცნიერები და ხელოვანნი, რომლებიც საბჭოთა სტანდარტებს კარგად აკმაყოფილებენ და სახელიც დიდი აქვთ, მაგრამ მსოფლიო მეცნიერებას და ხელოვნებას რეალურად ვერაფერს მატებენო.
გამოფენა, რომელიც 30 სექტემბერს გაიხსნება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, კარგად დაანახვებს ქართველ საზოგადოებას, თუ რა დიდი მოვლენაა დიმიტრი უზნაძე საქართველოსთვის, რამდენი გარჯა ჩადო მან ევროპული განათლების დასამკვიდრებლად ქართულ უმაღლეს დაწესებულებებში, თბილისსა და ქუთაისში. მისი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები და უდიდესი აღმოჩენა – განწყობის თეორია კი შესულია მსოფლიო ფსიქოლოგიის ყველაზე თვალსაჩინო მიღწევებს შორის.
ამ ძალიან ევროპული სტანდარტის გამოფენის იდეა დაებადა ევროპის აკადემიის ქართველ წევრს, ლონდონის კინგს კოლეჯის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორს, ქალბატონ ქეთი ჭანტურიას. იგი 2021 წელს აირჩიეს ევროპის აკადემიის წევრად. აღსანიშნავია, რომ სულ შვიდი ქართველი მეცნიერია ამ აკადემიის წევრი. შარშან ქუთაისში გაიმართა ევროპის აკადემიის სემინარი.
ქეთი ჭანტურიას ამ ულამაზესმა და უმნიშვნელოვანესმა ქართულმა ქალაქმა შთააგონა, რომ სწორედ აქ შედგეს დიმიტრი უზნაძის გამოფენა. ქალაქი, რომელთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისი პედაგოგიური და სამეცნიერო პრაქტიკა. ქეთი ჭანტურია არის უზღვავი ენერგიისა და რესურსების პიროვნება. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ ასე მცირე დროში ამხელა სამუშაოს წარმოება. ის დაუკავშირდა სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო არქივს, საქართველოს რადიოს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, ლაიფციგის უნივერსიტეტს, ასევე დიმიტრი უზნაძის შთამომავლებს. ყველა მათგანის ჩართულობითა და თანამშრომლობით თავი მოუყარა საკმაოდ შთამბეჭდავ მასალას, რომელიც აერთიანებს ასობით ფოტო თუ დოკუმენტურ მასალას, ასევე მის პირად ნივთებს, იმ საგნებსა და ობიექტებს, რომლებსაც დიმიტრი უზნაძე თავის ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში იყენებდა.
ძალიან ფასეული და მისაბაძია ქეთი ჭანტურიას გადაწყვეტილება ხელი მოეკიდა ასეთი საყურადღებო პროექტისთვის. წლეულს, როცა ბრიუსელის ევროპალია საქართველოს ეძღვნება, როცა დანია, შვეიცარია და ევროპის სხვა ქვეყნები ქართული კულტურის ფართოდ წარმოჩენით არიან დაკავებული, პრინციპულად მნიშვნელოვანია, საქართველოშიც გაიმართოს ისეთი გამოფენები თუ შეხვედრები, რომელიც გამოკვეთს საქართველოს და ქართველების ბუნებრივ სიახლოვესა და თავსებადობას ევროპული ღირებულებების მიმართ.
დიმიტრი უზნაძემ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. სახელგანთქმული ფსიქოლოგი ვილჰელმ ვუნდტი იყო მისი მასწავლებელი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიმიტრი უზნაძემ თან ჩამოიტანა ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საკუთარი კვლევებითა და ექსპერიმენტებით გაამდიდრა, რამაც შედეგად მოიტანა განწყობის თეორიის, ასევე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის და მერე ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ყველაზე ევროპული ყაიდის ინსტიტუტი იყო, საბჭოთა ცენზურა ცერბერის გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მის ყველა აქტივობას. დახურვის პირზეც არაერთხელ აღმოჩნდა. ყველა ამ უნუგეშო პერიპეტიას ასახავს გამოფენა, რომელიც ევროპის აკადემიის ახლად არჩეულმა წევრმა, პროფესორმა ქეთი ჭანტურიამ იდო საკუთარ თავზე. ეს მისი მხრიდან არის მადლიერების უმაღლესი აქტი. ყველაზე ევროპული ჟესტი, რაც ასე დასაფასებელი და გასაზიარებელი თვისებაა ჩვენს პრაქტიკაშიც. ადამიანი, რომელმაც დიდ აღიარებას მიაღწია თავის სფეროში, პირველ რიგში იფიქრა საკადრისი პატივი თავისი გამოჩენილი წინამორბედისთვის, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლისთვის მიეგო.ქეთი ჭანტურია ემადლიერება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ. მუზეუმს, რომლის მესვეურებმა ენთუზიაზმით მიიღეს ეს იდეა და ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს. ქეთი მადლობას უხდის ყველა პროფესიონალს, არქივარიუსს, ბიბლიოთეკარსა და მეცნიერს, ასევე დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეებს, რომლებმაც დრო და ენერგია არ დაიშურეს შთამბეჭდავი ექსპოზიციის გასამართად.
აღნიშნული გამოფენა იმდენი კრძალვის და მოწიწების, ცოდნისა და გემოვნების შედეგად არის სულჩადგმული, მჯერა, იგი უმალ იპოვის დამთვალიერებლის, განსაკუთრებით კი ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობის გულებისაკენ მიმავალ გზას. დიმიტრი უზნაძის განვლილი ცხოვრება და მიღწევები მათში სიამაყის და რწმენის განცდას აღმოაცენებს.
და ბოლოს, იქნებ წინამდებარე გამოფენამ მაინც გაამძაფროს აზრი და დაარსდეს დიდი მეცნიერის მემორიალური მუზეუმი?მაშ რა ევროპელები ვიქნებით, თუკი საქართველოში ევროპეიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს ევროპული ტიპის მუზეუმს არ გავუხსნით სამშობლში?!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები